2025-2028 წლებში, თბილისში – 1 246, ხოლო ბათუმში 963 ახალი ქსელური სასტუმროს ოთახის დამატება იგეგმება. ამის შესახებ „გალტ ენდ თაგარტის“ კვლევაში წერია.
დოკუმენტის მიხედვით, თბილისში სასტუმროების დაგეგმილი მიწოდება მკვეთრი ზრდის შემდეგ შედარებით ნორმალიზდა, წლის დასაწყისიდან თბილისში 800 ქსელური სასტუმრო ოთახის მშენებლობა შეჩერდა, თუმცა 2028 წლამდე დაგეგმილია 1 246 ახალი ქსელური სასტუმრო ოთახის მიწოდება (არსებული მიწოდების 22%), რაც ტურისტული ნაკადების მართვას საჭიროებს.
რაც შეეხება ბათუმს, „გალტ ენდ თაგარტის“ მიხედვით, ბათუმში, 2025-2028 წლებში, დაგეგმილია 963 ახალი ქსელური სასტუმრო ოთახის დამატება (არსებული მიწოდების მესამედი) და გასაქირავებელი აპარტამენტების გაორმაგება. დაგეგმილი მიწოდების გათვალისწინებით, ბათუმში ტურიზმის მდგრადობის შესანარჩუნებლად ტურისტული ნაკადების სწრაფი ზრდის შენარჩუნება არის საჭირო.
“სექტორს ამ ეტაპზე არ აქვს ახალ აზიურ ბაზრებთან მუშაობის გამოცდილება. ტურისტული ნაკადების მართვისთვის საჭიროა: ინდოეთიდან დაბალმხარჯველი სეგმენტის ჩანაცვლება მაღალმხარჯველი სეგმენტით, ჩინელი ტურისტების პროფილზე მორგებული სტრატეგიების შემუშავება, ახლო აღმოსავლეთიდან ნაკადების დივერსიფიკაცია დასვენებისა და საქმიანი ტურიზმისთვის, ევროპელი ტურისტებისთვის ინფრასტრუქტურისა და სერვისის ხარისხის გაუმჯობესება“, – ვკითხულობთ პუბლიკაციაში.
