უეფა-ს მთავარი საკლუბო საფეხბურთო ტურნირის, ჩემპიონთა ლიგის ფორმატში ცვლილება შევა – 2027/2028 წლის სეზონის პირველ შეხვედრაში მონაწილეობას ტურნირის მოქმედი ჩემპიონი მიიღებს. შეხვედრა სამშაბათ დღეს, სხვა მატჩებისგან დამოუკიდებლად გაიმართება.
ლიგის ფაზის პირველი ტურის დარჩენილი თამაშები ოთხშაბათსა და ხუთშაბათს ჩატარდება. UC3-ის სახელით ცნობილი ეს მოდელი უეფა-სა და ევროპული საფეხბურთო კლუბების საერთო წამოწყებაა.
აღნიშნულ სისტემას აქტიურად იყენებენ ამერიკულ სპორტებში. NBA-ის, NFL-ისა და NHL-ის ყოველი ახალი სეზონი მოქმედი ჩემპიონის შეხვედრით იხსნება.
უეფა-მ ჩემპიონთა ლიგის ფორმატში ძირეული ცვლილებები 2024 წლიდან შეიტანა. გაუქმდა ჯგუფური ეტაპი და დაარსდა ლიგის ფაზა, რომელში მონაწილეობასაც 36 გუნდი იღებს. არსებობს საერთო ცხრილი, თითოეული გუნდი რვა მატჩს ატარებს, ხოლო პლეი ოფში ბრძოლას საუკეთესო შედეგის მქონე 24 გუნდი აგრძელებს.
განახლებული ფორმატით ჩატარებული ჩემპიონთა ლიგის პირველი გამარჯვებული ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ გახდა, რომელმაც 2025 წლის 31 მაისს მიუნხენში გამართულ ტურნირის ფინალში მილანის „ინტერი“ დაამარცხა.
