ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ სატელევიზიო გადაცემაში სამინისტროს მიერ განხორციელებულ რეფორმებზე, მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სამტრედია–გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ახლახან გახსნილ ახალ მონაკვეთზე და აღნიშნა, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის დასრულდება გზის დარჩენილი ნაწილებიც, რაც ბათუმამდე ჩქაროსნული მაგისტრალით გადაადგილებას სრულად შესაძლებელს გახდის.
მისი განცხადებით, ბოლო წლებში მაგისტრალური გზების მშენებლობის მასშტაბი უპრეცედენტოა – უკვე გახსნილია 383 კილომეტრი მაგისტრალი, ხოლო 65 კილომეტრზე მეტი ჩქაროსნული გზის მშენებლობა მიმდინარეობს. ამასთან, სამინისტროს მიზანია, მომდევნო წლებში დამატებით 400 კილომეტრი ახალი მაგისტრალის აშენება.
რევაზ სოხაძემ უწყებაში განხორციელებულ სისტემურ ცვლილებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომავალი წელი ინფრასტრუქტურული პროექტების დაწყების მხრივ გარდამტეხი იქნება. მისი თქმით, შეიცვალა მიდგომა პროექტირებასთან დაკავშირებით და პირველად მუნიციპალური ფონდის ფარგლებში, პროექტირება კონკურსების გზით დაიწყო, რაც ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
,,ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, ძლიერი არქიტექტურული კომპანიების შექმნა, რადგან ბევრი არსებული პრობლემის მიზეზი იყო სწორედ არასრულფასოვანი პროექტები“- განაცხადა სოხაძემ.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საფასო პოლიტიკაზეც და აღნიშნა, რომ რეალური ფასების განსაზღვრის მიზნით შეიცვალა მიდგომები, ხოლო 2027 წლიდან ქვეყანა ევროკოდებსა და თანამედროვე სამშენებლო სტანდარტებზე გადავა.
მან ხაზი გაუსვა ტენდერებისა და შესყიდვების გამჭვირვალობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ სამშენებლო პროცესების გააქტიურება ხარისხზე კომპრომისს არ ნიშნავს.
,,მთავრობის და ასევე, ჩვენი სამინისტროს მიზანია არა მხოლოდ გამართული ინფრასტრუქტურის შექმნა, არამედ ძლიერი ქართული კომპანიების ჩამოყალიბება. ყველა სამშენებლო კომპანიას ვუყურებთ როგორც პარტნიორს. ძლიერი ქართული კომპანიები ჩვენი ქვეყნის სიძლიერის ინდიკატორია“- განაცხადა სოხაძემ.
რევაზ სოხაძემ წყალმომარაგების სფეროშიც ჩატარებულ მასშტაბურ სამუშაოებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში დიდი ქალაქების 24-საათიანი წყალმომარაგების პრობლემა მოგვარდება. მისი თქმით, ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია, ყველა რეგიონს ჰქონდეს თანაბარი წვდომა სერვისებზე, რის ფარგლებშიც ყველა მუნიციპალიტეტში მულტიფუნქციური სპორტულ-კულტურული კომპლექსების აშენება იგეგმება.
საუბრის დასასრულს მინისტრი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის პრობლემებს შეეხო, ბოდიში მოუხადა იმ ბავშვებსა და მშობლებს, რომლებსაც არასწორად დაგეგმილი პროცესისა და არაკეთილსინდისიერი კომპანიების გამო არასათანადო პირობებში უწევთ განათლების მიღება და აღნიშნა, რომ სამინისტრომ შეიმუშავა ახალი სტრატეგია, რომელიც ყველა ზომის სკოლისთვის ტიპიური პროექტების შექმნას და მათ სწრაფად განხორციელებას ითვალისწინებს.
ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო.




