„2026-2027 წლებში ჩასაბარებელი ბინების ნაწილი უკვე რეალიზებულია”- „არსის” გენერალური დირექტორი

„2023 წლის მსგავსად, მიმდინარე წელსაც უძრავ ქონებაზე მაღალი მოთხოვნა შენარჩუნდება, ამაზე მიუთითებს ის სტატისტიკური მაჩვენებლები, რაც გვაქვს” – ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას კომპანია „არსის” გენერალურმა დირექტორმა ბესო ორთოიძემ განაცხადა.
მისი თქმით, დეველოპერები არ ელოდებიან, რომ მოკლევადიან პერიოდში საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე მიწოდება მოთხოვნას გადააჭარბებს, მიუხედავად იმისა, რომ 2023 წელს საცხოვრებელ ფართებზე გაცემული ნებართვების რიცხვი, წინა წელთან შედარებით, მკვეთრად გაზრდილი იყო.
„ჩემი აზრით, სექტორში არსებული კადრების დეფიციტი უფრო დიდ გამოწვევას წარმოადგენს, ვიდრე რისკი, რომ უახლოეს პერიოდში უძრავი ქონების ბაზარზე მიწოდება მოთხოვნას გადააჭარბებს. მაგალითისთვის, 2026-2027 წლებში ჩასაბარებელი ბინების ნაწილი უკვე რეალიზებულია რაც მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში უძრავ ქონებაზე ძალიან მყარი და სტაბილური მოთხოვნა გვაქვს. რაც შეეხება კადრებს, მათი სიმცირე ნამდვილად არის პრობლემა, რადგან ამ რესურსით ფიზიკურად შეუძლებელია იმ დიდი რაოდენობის პროექტების განხორციელება, რომელთა მშენებლობებზეც ნებართვებია გაცემული“,- განმარტა ბესო ორთოიძემ.
მან ფასების დინამიკაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მიმდინარე წელს უძრავი ქონება, სავარაუდოდ, 10-12%-ით გაძვირდება.
„ბაზარი ვითარდება სტაბილურად და ველოდები, რომ ეს სტაბილურობა წელსაც გაგრძელდება“, – აღნიშნა „არსის” გენერალურმა დირექტორმა.
ბესო ორთოიძემ 2023 წელიც შეაჯამა. მისი განცხადებით, უძრავი ქონების სექტორს 2019 წლის შემდეგ, ასეთი ლოგიკური და სტაბილური წელი, ჯერ არ ჰქონია.
bp.ge