2025 წლის II კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ბიზნესს სექტორის ბრუნვის მოცულობა 12.5%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის II კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნესს სექტორის ბრუნვის მოცულობა 12.5 პროცენტით გაიზარდა და 60.3 მილიარდი ლარი შეადგინა. ამასთან, გაზრდილია ბიზნესს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც.
2025 წლის II კვარტალში მისი მოცულობა 23.2 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 13.0 პროცენტით მეტია.
II კვარტალში ბიზნესს სექტორის ბრუნვის ზრდა ძირითადად მსხვილი ბიზნესის ზრდით იყო განპირობებული, საქატატის ინფორმაციით, მსხვილი ბიზნესის ბრუნვის მოცულობა 68.1%-ით გაიზარდა, საშუალო ბიზნესის 14.9 პროცენტი, ხოლო 17.0% კი — მცირე ბიზნესზე მოდიოდა.
პროდუქციის მთლიანი გამოშვების კუთხით, სიტუაცია მეტ-ნაკლებად სტაბილურია: მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა პროდუქციის გამოშვების 46.8 პროცენტი, საშუალოზე — 24.1 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე — 29.1%.
2025 წლის II კვარტალში ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ ხუთ ადგილს დამამუშავებელი მრეწველობა (19.3 პროცენტი), ვაჭრობა (18.2 პროცენტი), მშენებლობა (16.5 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (9.4 პროცენტი) და ტრანსპორტი და დასაწყობება (9.1 პროცენტი) იკავებდა, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში ჯამურად 27.6 პროცენტიანი წილი ეჭირა.
რაც შეეხება დასაქმებას, საანგარიშო პერიოდში ბიზნესს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 795.6 ათასი იყო, რაც წლიურად 3.3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 43% მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 20.4% — საშუალოზე, ხოლო 36.7% — მცირე ბიზნესზე.
საანგარიშო პერიოდში დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 745.3 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.9%-ით მეტი), ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 5 მილიარდ 284 მილიონი ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.5%-ით მეტი).
II კვარტალში ბიზნესს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2 317.6 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 212.2 ლარით).