Step Inn Kazbegi-ის დამფუძნებელი, ანი ალიბეგაშვილი მიმდინარე წლის პირველ კვარტალს უარყოფითად აფასებს და ამბობს, რომ ქვეყანაში არსებული სიტუაციის ფონზე, ძალიან ბევრი ევროპული ჯავშანი გაუქმდა. მიზეზი სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების მიერ მოქალაქეებისთვის მიწოდებული ინფორმაციაა, რომ ქვეყანა არ არის უსაფრთხო და არსებული მანიფესტაციის გათვალისწინებით, შესაძლებელია ფიზიკურად დაზიანდნენ ან დეპორტის საფრთხე შეექმნათ. ამის შესახებ მან BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ისაუბრა,
სასტუმროს მმართველი აღნიშნავს, რომ გასულ წელთან შედარებით, წელს შესამჩნევად შეცვლილია ტურისტების სეგმენტი.
„2025 წლის პირველი კვარტალი ძალიან მძიმედ დაიწყო. ქვეყანაში არსებული მდგომარეობის ფონზე ძალიან ბევრი ჯავშანი უქმდება. ყველა ქვეყნის საგარეო სამინისტრო მათი მოქალაქეებისთვის სხვადასხვა ტიპის ინფორმაციას ავრცელებს, არსებულ მანიფესტაციებზე. ინფორმაციის მიხედვით, მათ ეუბნებიან, რომ მოერიდონ რუსთაველის გამზირს, რადგან შეიძლება ფიზიკურად დაზიანდნენ, ან მათ დეპორტის საფრთხის შესახებ ინფორმაციას აწვდიან. რა თქმა უნდა, ეს გავლენას ახდენს ნაკადზე, რომელიც ქვეყანაში შემოდის. ევროპელი დამსვენებლები დაგეგმვას წლის დასაწყისში იწყებენ, მათთვის მცირე გზავნილებიც მნიშვნელოვანია. ამიტომ ურჩევნიათ, რომ უსაფრთხო ქვეყანაში იმოგზაურონ.
ამასთან, გასულ წელთან შედარებით შესამჩნევად შეცვლილია ტურისტების სეგმენტი, მათი ინტერესებიც განსხვავებულია. ზოგადად, ყაზბეგისთვის ზამთარი რთული პერიოდია, მაგრამ შარშან თუ გვყავდა დამსვენებლები, რომლებიც სათხილამურო, ექსტრემალური სპორტით იყვნენ დაინტერესებული, წელს მსგავსი ტიპის დამსვენებლები ფაქტობრივად არ გვყავს. ეს საგრძნობი იყო გუდაურში, სადაც უფრო და უფრო ნაკლები ევროპული დამსვენებლები გვყავდა“, – ამბობს ალიბეგაშვილი.
