საქართველოს პროკურატურამ ალექსანდრე ელისაშვილს ახალი ბრალდება წარუდგინა. მათი მტკიცებით, პოლიტიკოსმა 2025 წლის 4 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს არქივს ცეცხლი წაუკიდა.
“გამოძიებით დადგინდა, რომ წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული ალექსანდრე ელისაშვილი, რომელსაც სახე ნიღბით ჰქონდა დაფარული, 2025 წლის 4 მაისს, დაახლოებით 03:44 საათზე, მივიდა ქ.თბილისში, აღმაშენებლის ხეივანი №64-ში მდებარე თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობის უკანა მხარეს, სადაც სასამართლოს არქივი მდებარეობს.
თავდაპირველად, ბრალდებული სავენტილაციო მილზე ავიდა და სცადა ფანჯრის გაღება, რაც ვერ შეძლო. შემდგომ ჩავიდა კიბეებზე და სარკმლის გამოყენებით არქივის ოთახში შეაგდო ნავთობპროდუქტის შემცველი აალებული ნივთიერება, რის შედეგადაც ოთახში გაჩნდა ხანძარი. შემდგომ კვლავ დაბრუნდა ფანჯარასთან, რომელიც მეორე არქივის ოთახის მიმდებარედ იყო განთავსებული და სავენტილაციო მილზე ასვლისთანავე ცეცხლი წაუკიდა ფანჯარას და სადენებს. ალექსანდრე ელისაშვილის ქმედების შედეგად სასამართლოს შენობის გარე ფასადზე და არქივში, სადაც განთავსებული იყო ასეულობით სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეები, გაჩნდა ხანძარი, რომელიც სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ჩააქრეს.
ალექსანდრე ელისაშვილმა, აღნიშნული ქმედებით, ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს – სასამართლო ხელისუფლების და მართლმსაჯულების დესტაბილიზაციის მიზნით, ასევე, სასამართლოში არსებული ინფრასტრუქტურის, ცალკეული საქმეებისა და სხვა მნიშვნელოვანი მასალების განადგურების გზით შექმნა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი. ასევე, საფრთხე შეუქმნა იმ დროისათვის სასამართლოს შენობაში მყოფი მანდატურის სამსახურის სამი თანამშრომლის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს” – აცხადებს პროკურატურა და ვიდეომასალას ავრცელებს.
ალექსანდრე ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტერორისტული აქტის ჩადენა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი 2025 წლის 29 ნოემბერს დააკავეს ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით. გამოძიების თანახმად, 2025 წლის 29 ნოემბრის გამთენიისას, ელისაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა და დაზიანებები მიაყენა მანდატურის სამსახურის თანამშრომლებს.
ტერორიზმის მცდელობაში ბრალდებულ ელისაშვილს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება – პროკურატურა