2025 წლის 10 თვეში საქართველოდან ექსპორტირებულია 1 მილიარდ 500 მილიონი დოლარის სოფლის მეურნეობის პროდუქცია – გიორგი ხანიშვილი
მიუხედავად იმისა, რომ ქართული პროდუქციის ექსპორტის ყოველწლიურად მატულობს, რასაც სტატისტიკაც ადასტურებს, ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო პროდუქციის ხარისხსა და რაც მთავარია – მოცულობაზე – საერთაშორისო ბაზრებზე მოთხოვნა დიდია, რომელსაც ქართველი მწარმოებლები ვერ უმკლავდებიან.
როგორც „აგრო 1959“-ის მმართველი პარტნიორი გიორგი ხანიშვილი რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას აღნიშნავს, ქართული პროდუქცია ხარისხს რომ ვერ აკმაყოფილებდეს, ექსპორტიც ვერ გაიზრდებოდა, თუმცა, მისივე თქმით, ამ მიმართულებით სამუშაო ჯერაც ბევრია.
„ქართული პროდუქცია არის კონკურენტუნარიანი საერთაშორისო ბაზრებზე, რაზეც მეტყველებს ის სტატისტიკა, რომელიც ყოველწლიურად მზარდია. მაგალითად, მიმდინარე წლის 10 თვეში საქართველოდან ექსპორტირებულია 1 მილიარდ 500 მილიონი დოლარის სოფლის მეურნეობის პროდუქცია. მოთხოვნებს რომ ვერ აკმაყოფილებდეს, ბუნებრივია, ბაზარი არც მიიღებდა. თუმცა, ეს საკმარისი არ არის“, – აცხადებს გიორგი ხანიშვილი.
გიორგი ხანიშვილის თქმით, ხარისხის გაუმჯობესების მხრივ ყველაზე მეტი სამუშაო ციტრუსის მიმართულებით არის ჩასატარებელი, სადაც ყოველწლიურად 5-10 ათასი ტონა უხარისხო მოსავალი მოდის.
„ძირითადი გამოწვევა პროდუქციის ნაკლებობაა. ვერ ვაწარმოებთ პროდუქციის იმ რაოდენობას, რა რაოდენობაც საქართველოს სოფლის მეურნეობას რეალურად შეუძლია. ერთი მხრივ, უნდა გავაუმჯობესოთ ხარისხი და მეორე მხრივ – მოცულობა. რაც მთავარია, არ არის საჭირო ახალი ველოსიპედის გამოგონება, გამოსავალი არის სახელმწიფოსა და ფერმერის თანადგომა. მაგალითად, 2024-2027 წლებში, ევროკავშირის ქვეყნების სოფლის მეურნეობა სუბსიდირების სახით 307 მილიარდ ევროს ღებულობს“, – განმარტავს გიორგი ხანიშვილი.




