2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, 11 სამინისტროდან 10-ში ბიუჯეტის ზრდაა დაგეგმილი, ხოლო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება 200,7 მლნ ლარით მცირდება

2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსიით, 11 სამინისტროდან 10-ში ბიუჯეტის ზრდაა დაგეგმილი, ხოლო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება 200,7 მლნ ლარით მცირდება.
ყველაზე მეტი თანხა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვისაა გამოყოფილი. უწყებას დაფინანსება 870.9 მლნ ლარით ეზრდება და 8 700,0 მლნ ლარით განესაზღვრა.
პროექტის პირველადი ვერსიით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება 377 მლნ ლარით იზრდება და 2 885.0 მლნ ლარით განისაზღვრა.
როგორც დოკუმენტში აღნიშნული, სკოლამდელი და ზოგადი განათლების დაფინანსება 233.3 მლნ ლარითაა გაზრდილი და 1 808,3 მლნ ლარი იქნება.
„აღნიშნული თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია მიმდინარე წლის ივლისიდან, საჯარო სკოლების მასწავლებელთა გაზრდილი ანაზღაურების სრული წლით დაფინანსება. ამავე პროგრამის ფარგლებში 70,0 მლნ ლარია გათვალისწინებულია საჯარო სკოლების კომპიუტერული ტექნიკითა და ლაბორატორიებით აღჭურვისათვის. ასევე გათვალისწინებულია მანდატურებისა და საჯარო სკოლების ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ხელფასების ზრდა; ამასთან, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება 395,0 მლნ ლარზე მეტი სამინისტროს ბიუჯეტიდან. ამასთან, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებებში გათვალისწინებულ ასიგნებებთან ერთად გამოყოფილია 561,0 მლნ ლარზე მეტი“, – აღნიშნულია ბიუჯეტის პროექტის პირველად ვერსიაში.
რაც შეეხება სხვა სამინისტროებისა და სახელმწიფო უწყებებისთვის თვის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულ თანხებს:
კულტურისა და სპორტისა სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 515,0 მლნ ლარით;
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 3 200,0 მლნ ლარით;
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 745.0 მლნ ლარს;
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის გათვალისწინებულია 1 მილიარდი ლარი;
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 121,0 მლნ ლარს;
იუსტიციის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 427,0 მლნ ლარი;
საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 200,0 მლნ ლარი;
თავდაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 1 600,0 მლნ ლარი;
შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 1 350,0 მლნ ლარი;
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის გათვალისწინებულია 226,0 მლნ ლარი;
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის გათვალისწინებულია 108,0 მლნ ლარი;
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის დაფინანსება შეადგენს 5,1 მლნ ლარს;
საქართველოს პროკურატურისთვის გათვალისწინებულია 68,0 მლნ ლარი;
სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის გათვალისწინებულია 19,0 მლნ ლარი;
სასამართლო სისტემისთვის გათვალისწინებულია ჯამში 174,7 მლნ ლარი;
იურიდიული დახმარების სამსახურისთვის გათვალისწინებულია 13,7 მლნ ლარი;
სახალხო დამცველის აპარატისთვის გათვალისწინებულია 10,3 მლნ ლარი;
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის გათვალისწინებულია 8,5 მლნ ლარი;
საქართველოს პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციების დაფინანსება შეადგენს 104,0 მლნ ლარს;
სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის გათვალისწინებულია 23,3 მლნ ლარი;
ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაფინანსება შეადგენს 125,3 მლნ ლარს;
მთავრობის ადმინისტრაციის დაფინანსება შეადგენს 29,0 მლნ ლარს;
პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის გათვალისწინებულია 10,0 მლნ ლარი;
სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციების დაფინანსება ჯამში შეადგენს 11,6 მლნ ლარს.