„ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორის, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილის აზრით, 2025 წლის ბოლოსთვის ლუდის ინდუსტრიისა და კომპანიის ზრდაა მოსალოდნელი. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემაში „საქმიანი დილა“ ლუდის ინდუსტრიის პოტენციალზე საუბრისას თქვა.
ხუნძაკიშვილის განცხადებით, მიმდინარე გეგმები წინა წლების გამოცდილებაზეა დაფუძნებული. მისი თქმით, 2022-2024 წლებში ლუდის ინდუსტრიამ ჯამურად 15%-იანი ზრდა აჩვენა, ხოლო 2022 წელს ზრდის ორნიშნა მაჩვენებელი დაფიქსირდა – 11%-ის ფარგლებში.
„ჩვენ ამ კონტექსტში ვუყურებთ ზრდას, დაახლოებით 2-2.5%-იან ჯამურ ზრდას ველოდებით. ჩვენი მონაცემები ოდნავ განსხვავდება თიბისი კაპიტალის შეფასებებისგან, რადგან განსხვავებული მეთოდოლოგია გამოიყენება. ჩვენ შემოსავლების სამსახურის მონაცემებს ვეყრდნობით, რაც უფრო ზუსტ ინფორმაციას გვაძლევს“, – აღნიშნა ხუნძაკიშვილმა.
სექტორის შეფასებისას, მან ასევე კლიმატური პირობები დაასახელა, კერძოდ უხვი ნალექიანობა, როგორც გარკვეული ხელის შემშლელი ფაქტორია ლუდის ბიზნესისთვის, თუმცა აღნიშნა, რომ წლიური გეგმების შესრულება კვლავ რეალურია და წლის ბოლოსთვის ინდუსტრიაც და კომპანიაც ზრდაზე გავა.
რაც შეეხება ექსპორტს, ლუდის ექსპორტთან დაკავშირებით, ხუნძაკიშვილმა განაცხადა, რომ მოცულობა მცირეა – 5.9-6 მილიონი ლიტრი, რაც ბუნებრივია, რადგან პროდუქტი ძირითადად ადგილობრივი მოხმარებისთვისაა განკუთვნილი. მისივე თქმით, მხოლოდ სუპერ პრემიუმ სეგმენტია ექსპორტისთვის მისაღები, რაზედაც კომპანია აქტიურად მუშაობს.
საგულისხმოა, რომ ლუდი “ნატახტარი” 20 წლისაა, რაც ხუნძაკიშვილის აზრით, კარგი მაგალითი შეიძლება იყოს სხვა კომპანიებისთვის, თუ როგორ ვითარდება ბრენდი ექსპორტისთვის: “ეს წლების შრომას მოითხოვს და ძირითადად იმ გეოგრაფიულ რეგიონებშია შესაძლებელი, რომლებიც საქართველოს იცნობენ,“ – განაცხადა მან.
ხუნძაკიშვილის შეფასებით, დღეს ინდუსტრიისთვის ყველაზე სერიოზული გამოწვევები ნედლეულის ფასების ზრდა და ზოგადი ინფლაციური წნეხია. მისი თქმით, კომპანიას მაქსიმალურად ცდილობს ინფლაციურ წნეხთან გამკლავებას, ვინაიდან პროდუქტი პირველადი მოხმარების არ არის. ამრიგად, ნებისმიერი ფასის კორექცია ლუდის მოხმარებაზე აისახება.
“ვცდილობთ, შიდა რეზერვებისა და მარჟების ხარჯზე ოპტიმალური ფასები შევინარჩუნოთ, თუმცა ეს ხშირად ჩვენი ხარჯზე ხდება. საქართველოში პრაქტიკულად ყველა კომპონენტი – ნედლეული, შესაფუთი მასალები იმპორტირებულია, რაც ასევე ზრდის ხარჯებს“, – აღნიშნა ხუნძაკიშვილმა.
მისივე თქმით, კომპანიაში მუდმივად მიმდინარეობს შიდა ოპტიმიზაცია – წარმოების დანაკარგების შემცირება, წყლის მოხმარების ეფექტიანობა და სხვა პროცესი, რაც ე.წ. KPI-ის (შესრულების ძირითადი ინდიკატორი) ნაწილი და ხარჯების შემცირების ერთ-ერთი მექანიზმია.
დასასრულს, ხუნძაკიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კომპანია ორიენტირებულია როგორც ბაზრის წილის შენარჩუნებაზე, ასევე შიდა შემოსავლების ზრდაზე, რაც სამომავლო სტაბილური განვითარების საფუძველს ქმნის.
ინფორმაციისთვის,საქართველომ წელს იანვარ-აპრილში $2,2 მლნ-ის ღირებულების 1,883 ტონა ლუდი გაყიდა. ხოლო, 2024 წელს, ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 1,303 ტონას შეადგენდა და აქედან ქვეყანას $1,6 მლნ-ის შემოსავალი ჰქონდა მიღებული. აღნიშნული მონაცემებით დგინდება, რომ საქართველოს ექსპორტი 44,5%-ით გაეზარდა. ქვეყნისთვის მთავარი ბაზარი წელს ყაზახეთია, სადაც საქართველომ $828 ათასის ღირებულების 690 ტონა ლუდი გაყიდა.
რაც შეეხება იმპორტს, საქართველომ წელს 4,309 ტონა ლუდი შეიძინა, რაშიც $4,6 მლნ გადაიხადა. მაშინ, როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ქვეყანას $4,4 მლნ-ის ღირებულების 3,802 ტონა ლუდი ჰქონდა შეძენილი. ეს კი ნიშნავს, რომ საქართველოს იმპორტი წლიურ ჭრილში 13.3%-ით გაეზარდა. ქვეყნისთვის მთავარი იმპორტიორი ბაზარი გერმანიაა, სადაც საქართველომ 1,355 ტონა ლუდში $1,7 მლნ გადაიხადა.
