2025 წლის ბიუჯეტს შესრულების ნაწილში არანაირი პრობლემა არ ექნება, ის შესრულდება გადაჭარბებულად ისევე როგორც სრულდებოდა წინა წლების ბიუჯეტები – ლაშა ხუციშვილი

2025 წლის ბიუჯეტს შესრულების ნაწილში არანაირი პრობლემა არ ექნება, ის შესრულდება გადაჭარბებულად ისევე როგორც სრულდებოდა წინა წლების ბიუჯეტები – ლაშა ხუციშვილი
2025 წლის ბიუჯეტს შესრულების ნაწილში არანაირი პრობლემა არ ექნება, ის შესრულდება გადაჭარბებულად ისევე, როგორც სრულდებოდა წინა წლების ბიუჯეტები, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრის, მალხაზ თორიას მხრიდან გამოთქმული მოსაზრების საპასუხოდ.
„ცოტა გაუგებარი იყო თქვენი შეკითხვა, ვინაიდან წლიური გეგმა შეადარეთ რვა თვის გეგმას. ბუნებრივია, რვა თვეში ერთი წლის გეგმა ვერ შესრულდება ვერცერთ გადასახადთან მიმართებით. ჩემი რჩევა იქნება, რომ უფრო დეტალურად ჩახედოთ სახელმწიფო ბიუჯეტს, მის სტრუქტურასა და შესრულების დინამიკას. თუ რაიმე კითხვა არის, რის გარკვევაც გსურთ, ფინანსთა სამინისტრო იქნება მოხარული ნებისმიერ რიცხვთან დაკავშირებით ძალიან დეტალური ახსნა-განმარტება გავაკეთოთ. მით უმეტეს, რომ ყველა ეს მონაცემი არის საჯარო და დღეს ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს, რომ განვიხილოთ ბიუჯეტი და საბიუჯეტო პროცესი ზოგადად, რომელშიც ჩართულია პარლამენტი, მთავრობა და სხვადასხვა უწყებები. ეს პროცესი შეფასებულია საერთაშორისო „ღია ბიუჯეტის ინდექსის“ მიხედვით, რომელშიც ასახულია როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ასევე მსოფლიო ბანკისა და სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების მეთოდოლოგია. უკვე მეოთხე წელია საქართველო შეფასებულია, როგორც ნომერ პირველი გამჭვირვალე ქვეყანა მსოფლიოში ბიუჯეტის ღიაობის ინდექსის მიხედვით და ყველა ეს მონაცემი, რაზეც კითხვების უმეტესობა დაისვა, სწორედ გამოქვეყნებულ და ღია ინფორმაციას ეხება. ამ მიმართულებით, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მზად ვართ, ნებისმიერ რიცხვთან დაკავშირებით აგიხსნათ თუ რა რაოდენობით და რა მოცულობით იქნა შესრულებული. ასევე გიდასტურებთ, რომ 2025 წლის ბიუჯეტს შესრულებასთან დაკავშირებით, არანაირი პრობლემა არ ექნება. ის შესრულდება ისევე გადაჭარბებით, როგორც სრულდებოდა გასული წლების ბიუჯეტები,“ – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს