GEORGIAN PRODUCTS-ის დამფუძნებელი დავით ბარდაველიძე 2024 წელს გასულ წლებთან შედარებით პოზიტიურად აფასებს.
როგორც მან BMG-სთან განაცხადა, უკრაინაში ომის ფონზე, 2022-2023 წლები ევროპის ბაზარზე შინაური ცხოველების ავეჯის და საკვების ექსპორტის ნაწილში ცუდი იყო, ამიტომ 2024 წელს დაფიქსირებული ზრდა კარგ შედეგად ითვლება.
დავით ბარდაველიძე იმედოვნებს, რომ 2025 წელი უფრო სტაბილური იქნება.
„კმაყოფილი ვართ, მაგრამ ეს წინა წლებიდან გამომდინარეა, რადგან წინა წლები უფრო ცუდი იყო. წელს დაახლოებით 20%-იანი ზრდა გვქონდა გაყიდვების, ამიტომ კარგად ითვლება, მაგრამ ტურბულენციები მაინც იყო. რაც უკრაინაში ომი დაიწყო, 2022-2023 წლები ცუდი იყო, სუსტი კონიუნქტურა იყო, 2024-ში ცოტა დავისვენეთ, კარგი იყო. იმედია, 2025 წელს უფრო დასტაბილურდება ევროპული ბაზარი“,- განაცხადა GEORGIAN PRODUCTS-ის დამფუძნებელმა.
მისივე ინფორმაციით, გურიაში კატის ქვიშის წარმოება თებერვლიდან ჩაეშვება და პირველ ეტაპზე პროდუქტი ევროპაში გავა.
„თებერვლიდან ვიწყებთ უკვე გატანას. ჯერჯერობით, გავა ევროპაში, საწყის სტადიაზე 1500-2000 ტონამდე“,- ამბობს დავით ბარდაველიძე.
რაც შეეხება აშშ-ს ბაზარს, როგორც დავით ბარდაველიძე ამბობს, კომპანია აშშ-ში ექსპორტის გასაზრდელად მუშაობს.
„ამერიკაში ვცადეთ გაზრდა და 2025 წლისთვის კარგი კონტრაქტები გვაქვს. ვფიქრობთ, იქაც ისე მოვიკიდებთ ფეხს, როგორც ევროპაში. უფრო იანვარ-თებერვალს ველოდებით. აქედან გამომდინარე, 2025 წელს უფრო პოზიტიურად ვუყურებთ“,- აღნიშნავს დავით ბარდაველიძე.
GEORGIAN PRODUCTS-ი სახელმწიფო პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარია. კომპანიამ საქმიანობა 2014 წელს დაიწყო და უკვე 2015 წლიდან შინაური ცხოველების ავეჯი ევროკავშირის ბაზარზე გაიტანა.
