2025 წლიდან ელექტრო ტექნიკის იმპორტიორებისთვის ენერგოეტიკეტირების ვალდებულება ამოქმედდება. ენერგოეტიკეტების განთავსების ვალდებულება სარეცხი მანქანების, მაცივრების, გამწოვების, ნათურების და სხვა ელექტრო მოწყობილობების იმპორტიორების ექნებათ. შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტები საქართველოს მთავრობამ უკვე გამოსცა. ენერგოეტიკეტირება უნდა იყოს განთავსებული პროდუქტის თვალსაჩინო ადგილას და მომხმარებელს უნდა აწვდიდეს ინფორმაციას მისი მახასიათებლების შესახებ, მათ შორის რამდენად ენერგოეფექტურია.
“გორგიას” გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ევროპიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე შესაბამისი ეტიკეტები უკვე დატანილია. თორნიკე გურულის შეფასებით, პროცესი მარტივი არ არის, მაგრამ ამ ვალდებულების მიღების შემდეგ მომხმარებელი უფრო მეტად ინფორმირებული იქნება და არჩევანსაც უფრო მარტივად გააკეთებს.
“ევროკავშირის ტერიტორიაზე დიდი ხანია მოქმედებს ეს წესი, შესაბამისად, ის მომწოდებლები, რომლებიც მუშაობენ მათ უკვე აქვთ ეს პრაქტიკა დამკვიდრებული. ცალკეული მიმართულებით გვჭირდება მაინც მუშაობა ჩვენს მომწოდებლებთან, რაც უკვე დავიწყეთ. იცვლება ის, რომ მომხმარებელი იქნება უფრო მეტად ინფორმირებული რამდენ ენერგიას მოიხმარს ესა თუ ის დანადგარი თუ საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ნათურა თუ ა.შ. ეს კარგია როგორც მომხმარებლებისთვის, ისე ცალკეული სტანდარტების მისაღწევად.
ჩვენ უკვე მივმართეთ განსაკუთრებით ჩინურ კომპანიებს, რომლებსაც არ ჰქონდათ მსგავსი ეტიკეტების პროდუქციაზე განთავსების ვალდებულება, შესაბამისად ამისთვის გარკვეული დრო გვჭირდება. ასევე გვაქვს ნაშთები, რომელიც უნდა იყოს ამოწურული, იმისთვის რომ ახალი ეტიკეტირებით პროდუქტები განვათავსოთ მაღაზიებში.
ენერგოეფექტურობის კომპონენტი არის გათვალისწინებული ამ წესში, რასაც მომხმარებელიც მიაქცევს ყურადღებას და იმ პროდუქციაზე შეაჩერებს არჩევანს, რომელსაც ამ მიმართულებით უფრო მაღალი ქულები ექნება მინიჭებული,”- ამბობს გორგიას გენერალური დირექტორი თორნიკე გურული.
ენერგოეტიკეტირების პროცესი დაწყებულია “ბეკოშიც”. ბეკოს გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ბეკოს წარმოების პროდუქციაზე შესაბამისი ეტიკეტები უკვე დატანილია, თუმცა მოლაპარაკების რეჟიმი მიმდინარეობს სხვა ბრენდებთან, რომელთა რეალიზაციაც ბეკოს მაღაზიებში ხდება. მეჰმედ მელექი ამბობს, რომ ამ ეტაპზე გადაწყობა მიდის პროცესების და რთულია რამდენად იქონიებს გავლენას ეს გადაწყვეტილება პროდუქციის ღირებულებაზე.
“ჩვენ უკვე ეს პროცესი დიდი ხანია დავიწყეთ, სხვადასხვა ბრენდებთან გვაქვს ამაზე კომუნიკაცია, ჩვენ ბეკოს ბრენდის გარდა როგორც იცით სხვა ბრენდებსაც ვყიდით, შესაბამისად, მათთან გვაქვს საკითხზე კომუნიკაცია. გვსურს, რომ წლის ბოლომდე ეს საკითხი ჩვენი მხრიდან დალაგდეს.
რა თქმა უნდა, არ არის მარტივი პროცესი, ვინაიდან გვიწევს უამრავ მომწოდებელთან კომუნიკაცია და გარკვეული ტექნიკური ცვლილებები განხორციელდება. თუმცა ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი დალაგდება. ჯერჯერობით ტექნიკური გადაწყობა მიდის და ამ ეტაპზე რთულია იმაზე საუბარი გააძვირებს თუ არა ეს ფასებს. თუ გააძვირებს ძალიან მცირედით, მაგრამ უნდა დაველოდოთ,”- აცხადებს მეჰმეთ მელექი.
ცნობისთვის: ენერგოეტიკეტირების შესახებ კანონი 2019 წელს მიიღეს, რომლის მიზანიც პროდუქტის ენერგომოხმარების მაჩვენებლების შესახებ სტანდარტული ინფორმაციისა და დამატებითი ინფორმაციის პროდუქტზე მითითების უზრუნველყოფა იყო, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემდა, ენერგიისა და სხვა რესურსების მოხმარების შემცირების მიზნით უფრო ეფექტიანი პროდუქცია შეერჩია. სწორედ ამ კანონმა დაადგინა ენერგოეტიკეტირების ვალდებულების ამოქმედების ვადები, რაც მოგვიანებით ტექნიკური რეგლამენტებით გაიწერა.