2025 წლის პირველი იანვრიდან საქართველოს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში შრომის ანაზღაურება იზრდება. პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასი 10 000 ლარი იქნება, ხოლო დეპუტატების 8 250 ლარი. შესაბამისი კანონი პარლამენტმა 2024 წლის 7 მარტს 77 ხმით მიიღო.
2025 წლიდან პარლამენტში შრომის ანაზღაურება 10 მლნ-ით 43.9 მლნ-დან 53.9 მლნ-მდე იზრდება.
პარლამენტში ხელფასები ასე განისაზღვრება:
პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასი 3 260 ლარით გაიზრდება და 10 000 ლარი გახდება;
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ხელფასი 3 100 ლარით გაიზრდება და 9 500 ლარი გახდება;
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ხელფასი 2 910 ლარით გაიზრდება და 9 250 ლარი გახდება;
პარლამენტის წევრს, რომელსაც არ უკავია საპარლამენტო თანამდებობა, ხელფასი გაეზრდება 3 626 ლარით და განესაზღვრება 8 250 ლარი;
კომიტეტის თავმჯდომარისა და ფრაქციის თავმჯდომარის ხელფასი 3 460 ლარით გაიზრდება და 9 000 ლარი გახდება;
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და ფრაქციის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ხელფასი გაიზრდება 3 950 ლარით და გახდება 8 750 ლარი;
კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილისა და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის ხელფასი გაიზრდება 3 760 ლარით და გახდება 8 500 ლარი.