2025 წელს კერძო სექტორში ხელფასების ზრდის შანსი მინიმალურია ან საერთოდ არ არის – მოსაზრება

ბიზნესი დასაქმებულებს ხელფასს ვერ გაუზრდის. ამის მიზეზი, გარკვეულწილად, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებია, რამაც კომპანიების უმეტესობას პრობლემა შეუქმნა. ბოლო თვეების განმავლობაში ანაზღაურების ზრდა ისედაც შეჩერებული იყო. მართალია, სტატისტიკა დადებით დინამიკას აჩვენებს, მაგრამ საერთო ფონი მაინც არასახარბიელოა. პოლიტიკურმა დაძაბულობამ ეკონომიკურ და ბიზნეს გარემოზე იმოქმედა. აქედან გამომდინარე, ხელფასის ზრდა ტემპი შენელებული ან შეჩერებული იქნება.
რაც შეეხება ციფრებს, “პიემსიჯის” კვლევის თანახმად, 2024 წლის ნოემბერში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს გაიზარდა. კერძოდ, 2024 წლის ნოემბერში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.2%-ით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 10.3%- ით არის გაზრდილი.
როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, წელს არ შეინიშნებოდა შრომის ანაზღაურების თვალსაჩინო მატება. ამიტომ, სავარაუდოდ, უფრო ქვედა რგოლს მოემატა ანაზღაურება. სექტემბრიდან მოყოლებული, წინასაარჩევნოდ და შემდეგ უკვე პოსტსაარჩევნო პერიოდში ბიზნესი ძალიან შეზღუდულია. უკვე ორი თვე გავიდა დან და კერძო სექტორი კვლავ გაურკვევლობაშია.
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ხელფასებთან დაკავშირებით ტენდენცია დადებითია, თუმცა განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით კვლავ დიდი ჩამორჩენაა. როგორც სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე აღნიშნავს, შრომის ანაზღაურების მოცულობა პრობლემა იმდენად არ არის, რამდენადაც სამუშაო ადგილების შექმნა, რა მხრივაც ჯერ კიდევ რთული მდგომარეობაა.
,,ბოლო პერიოდში ხელფასის ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად უსწრებდა ინფლაციისას და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელსაც. თუ ავიღებთ სხვადასხვა ინდიკატორს და შევადარებთ, მაგალითად, საშუალო ხელფასის წლიურ სიდიდეს ეროვნული პროდუქტის სიდიდესთან მოსახლეობის 1 სულზე, თანაფარდობა საგრძნობლად არის შეცვლილი.
საქართველოში პრობლემა ხელფასის სიდიდე იმდენად არ არის, რამდენადაც სამუშაო ადგილების რაოდენობა. ჯერჯერობით ვერ გავედით იმ მაჩვენებელზე, რომ ყოველ 100 შინამეურნეობაზე ამდენივე დაქირავებით დასაქმებული იყოს. ხელფასი კი იზრდება დამაჯერებელი ტემპით, მაგრამ აქამდე იმდენად დიდი ვარდნა იყო, რომ ჩამორჩენა ამ ეტაპზეც გვაქვს.
ჩვენი ამოცანა უახლოეს პერიოდში უნდა იყოს, ანაზღაურების მატება როგორც ბიზნესში, ასევე საჯარო სექტორში, მაგრამ უფრო სწრაფი ტემპით უნდა შევძლოთ ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. მოსახლეობის მეტი წილი უნდა გამოვიყვანოთ სიღარიბიდან და კეთილდღეობა გავაუმჯობესოთ”, – განაცხადა სტატისტიკოსმა.
მანვე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებზეც, რომ საქართველოში იზრდება საშუალოზე მაღალი ანაზღაურების მქონე მოქალაქეების რაოდენობა და მცირდება დაბალანაზღაურებითი კონტიგენტი.
,,ვფიქრობ, ზრდის ტემპი არის ნორმალური, მისაღები და პოზიტიური, თუმცა აქცენტი მეტი სამუშაო ადგილის შექმნაზე უნდა ავიღოთ, რის საფუძველზეც მოსახლეობის კეთილდღეობა გაცილებით საგრძნობი იქნება, ვიდრე სახელმწიფო დახმარების მოლოდინი და სოციალური ქოლგის ქვეშ დგომა”, – განაცხადა სოსო არჩვაძემ.
სპეციალისტების ნაწილი ფიქრობს, რომ ხელფასების მცირე ზრდაზე გავლენა გარკვეული დოზით მიგრაციამაც მოახდინა. კერძოდ, დაბალანაზღაურებადი მოქალაქეების გადინებამ. ამაზე ყურადღებას ეკონომისტი რამაზ გერლიანი ამახვილებს. მისი შეფასებით, 2000 ლარი და უფრო მეტი რაოდენობის ხელფასი დასაქმებულთა მცირე ნაწილს აქვს და ასეულობით ათასი ადამიანი დაბალ ანაზღაურებაზე მუშაობს, ეს განსაკუთრებით ეხება მსხვილ ბიზნესში დასაქმებულებს, როგორიცაა ქსელური მარკეტები და ფარმაცია, სადაც ყველაზე მეტი დასაქმებულია, ხოლო შრომის ანაზღაურება 600-700 ლარის ფარგლებში ან ცოტა მეტი.
“ბოლო დროს კომპანიების უმეტესობა, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილია დასაქმებული, ხელფასს ვეღარ ზრდის. პირადად მე წარმოუდგენლად მეჩვენება, რომ ადამიანი 2000 ლარიანი სამსახური ჰქონდეს და ქვეყნიდან წასვლაზე ფიქრობდეს. როდესაც ასეულობით ათასი ადამიანი დაბალანაზღაურებადია და მათი დიდი ნაწილი ემიგრაციაში მიდის. ხალხი ხედავს, რომ სტატისტიკურად საშუალო ხელფასი 2000 ლარია, ამ დროს უმეტესობა 1000 ლარსაც ვერ იღებს. ასე რომ არ იყოს, ადამიანები ქვეყნიდან არ გაიქცეოდნენ.
კერძო კვლევებთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ, თუმცა როცა ,,საქსტატის” სტატისტიკაზეა საუბარი, ვისურვებდი, რომ მინიმალური ხელფასის სტანდარტი გადაიხედოს, რაც მცირედით მაინც შეცვლის მოცემულობას. ვფიქრობ, დროულად უნდა გადაიდგას ამ მიმართულებით ნაბიჯები. თუკი მეკითხებით, გაზრდის თუ არა ბიზნესი ხელფასს, ჩემი აზრით, შესაძლოა, ეს ვერც მომავალ წელს მოხერხდეს. ბიზნესი ცოტა ხნის წინ აცხადებდა, რომ საშუალოვადიან პერიოდში ცვლილებას გამორიცხავს. მართალია, ინფლაცია ჯერჯერობით დაბალია და ლარის კურსიც მეტ-ნაკლებად რეგულირდება, მაგრამ კერძო სექტორში აცხადებენ, რომ თანამშრომლებისთვის ანაზღაურების გაზრდის შესაძლებლობა ჯერჯერობით არ აქვთ. ისეთ სფეროებში, როგორიცაა მშენებლობა, ტურიზმი და სამეწარმეო ბიზნესი, ხელფასები ჯერ კიდევ გასულ წელს დააკორექტირეს და არ მგონია, 2025 წელს, საფუძვლიანად გადაიხედოს”, – ამბობს გერლიანი.
“პიემსიჯის” კვლევის თანახმად, 2024 წლის ნოემბერში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 16.4%-ს შეადგენდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, – 1.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.9 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.
2024 წლის ნოემბერში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2 400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 28.7%-ს შეადგენდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 10.2 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.
საშუალო ხელფასის სტატისტიკა უკვე ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. იმ ფონზე, როცა ასიათასობით დასაქმებული ადამიანის ხელფასი 1000 ლარსაც ვერ აღწევს, ოფიციალური სტატისტიკა ამტკიცებს, რომ საშუალო ხელფასი ქვეყანაში 2000 ლარს აჭარბებს. 2023 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.3 პროცენტით (270.9 ლარით) გაიზარდა და 2 044.5 ლარი შეადგინა.
წყარო: რეზონანსი