2025 წლის ეკონომიკურ მოლოდინებს BMG-ს ეთერში Energy Solutions-ის მმართველი პარტნიორი, გიორგი აბრამიშვილი აფასებს. მისი თქმით, ენერგეტიკის სფეროში შეჩერებული პროექტებისა და ინვესტიციების გავლენები 5-7-წლიან პერიოდში გამოჩნდება, თუმცა, ქვეყანაში არსებული ვითარება ეკონომიკის ზოგიერთ დარგზე უფრო მყისიერად აისახება.
“2025 წელს ვფიქრობ, ძალიან მძიმედ დასაწყისი იქნება, ეკონომიკურად საკმაოდ მძიმე პირველი კვარტალი გველოდება. ეს არ ეხება მხოლოდ ჩვენს(ენერგეტიკის) სექტორს, ჩვენი სექტორი ტლანქია, დაწყებული პროექტების ბოლომდე მიყვანას ყველა შეეცდება, მაგრამ, ახალ გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებენ და არ იქნება ეს რელევანტური.
სხვა მიმართულებები, რაზეც ჩვენი ქვეყანა დგას და ძალიან მგრძნობიარეა ასეთი რყევების მიმართ, ეს არის ჰორეკა ბიზნესი, ტურიზმი, IT მიმართულებაც, რომელიც ბოლო წლებში საკმაოდ კარგად განვითარდა – მაგრამ ეს განვითარება რეალურად რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებას უკავშირდება, როცა დიდი ინტელექტუალური რესურსი ჩამოვიდა ჩვენთან, რადგან ჩვენ გვქონდა დასავლური მიმართულება, ვიყავით დემოკრატიული ქვეყანა – ამ ღირებულებებისადმი ერთგულება თუ შეიცვალა, ეს ხალხიც დაიწყებს გასვლას და სხვა ქვეყანაში გადაბარგებას; ზოგადად მგონია, რომ ამ მიმართულებებით საკმაოდ სენსიტიური და მძიმე დასაწყისი გვექნება 2025 წელს, რაც შემდეგ დომინოს პრინციპით აისახება სხვა ბიზნესებზე, ფინანსურ სექტორზე და ა.შ.” – აღნიშნავს გიორგი აბრამიშვილი.
მისი თქმით, ენერგეტიკის სექტორში მოსალოდნელია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებაც, რაც 2024 წლის სამ კვარტალში ისედაც შეინიშნება.
“ახლა რა გადაწყვეტილებებიც და პროექტებიც შეჩერდება, ამას შედეგებს 3-5-7 წლის განმავლობაში დავინახავთ და არა მყისიერად, თუმცა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს დაეტყობა, უკვე დაეტყო კიდეც, პირველ სამ კვარტალშიც კლება გვქონდა. ჩვენს სექტორში 10%-იანი კლება იყო და ეს ტენდენცია გაგრძელდება”, – ამბობს აბრამიშვილი.
კითხვაზე, რა სჭირდება დარგს განვითარებისთვის, აბრამიშვილი პასუხობს, რომ მთავარია, ქვეყანაში დასავლური ღირებულებებისადმი ერთგულება შენარჩუნდეს, რაც ყველა სხვა საჭირო კომპონენტს უზრუნველყოფს.
“ბიზნესს სჭირდება სტაბილურობა, ერთგულება დასავლური ღირებულებების მიმართ, რომ ბიზნესი იყოს გამჭვირვალე, მდგრადი და ესმოდეს ყველა პოტენციურ მოთამაშეს, თუ თამაშის რა წესებია დღეს და რა იქნება მომავალში – ეს განჭვრეტადობა უნდა არსებობდეს რაც შეიძლება შორს იმისთვის, რომ დასავლელმა ინვესტორებმა ინვესტიცია განახორციელონ ჩვენ ქვეყანაში.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სამართლიანობა. ბიზნესს უნდა ესმოდეს, რომ თუ ვინმე სადმე უსამართლოდ მოეპყრობა, სამართლიანობას იპოვის ამ ქვეყანაში და ნდობა ექნება სხვადასხვა სასამართლო უწყებების და აქედან გამომდინარე, თავს დაცულად იგრძნობს”, – ამბობს აბრამიშვილი.