2025 წელს ბიუჯეტში მშპ-თან მიმართებით ვალის მოცულობა 40%-ის ფარგლებში იქნება, ყველა პროექტი განხორციელდება – ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძის თქმით, 2025 წელს ბიუჯეტში, მშპს-თან მიმართებით ვალის მოცულობა 40%-ის ფარგლებში იქნება და ყველა პროექტის განხორციელება გაგრძელდება – ამის შესახებ პრემიერმა bm.ge-ის კითხვის პასუხად განაცხადა.
კითხვაზე, ხელისუფლების არსებული პოლიტიკის ფონზე, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ დონორები და საერთაშორისო ორგანიზაციები კვლავ გააგრძელებენ სესხის გაცემას და ხომ არ იქონიებს ეს გარემოება გავლენას 2025 წლის ბიუჯეტზე, მ ასე უპასუხა:
„ყველა მიმართულებით გვექნება შეუფერხებელი განვითარება. რაც შეეხება ვალის პოლიტიკას, ჩვენ გვაქვს სრული პარამეტრი – 40%-ის ფარგლებში გაგრძელდება სესხის აღება. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, რა თქმა უნდა, ყველა პროექტიც განხორციელდება.
ეს არის ძალიან კონკრეტული დაპირება, რომ 40%-ის ფარგლებში იქნება აღებული საგარეო სესხი და შესაბამისად, ამით იქნება უზრუნველყოფილი, მათ შორის არსებული პროექტები“, – განაცხადა პრემიერმა.
კითხვაზე, დარწმუნებულია თუ არა ის, რომ საგარეო კრედიტებს პარტნიორები ისევ ჩვეულებრივ და იმავე ფასად მისცემენ ქვეყანას, მ უპასუხა: „ყველაფერს გავაგრძელებთ – ყველა პროექტი შეუფერხებლად გაგრძელდება“.
წყარო: bm.ge
ცნობისთვის, საქართველოს სახელმწიფოს საგარეო ვალი 31 ივლისის მდგომარეობით 8.8 მლნ დოლარია.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, „მთავრობის ვალის მართვის სტრატეგია 2024-2027“-ის მიხედვით, სტრატეგიული მიზნის მისაღწევად სესხის აღება მოხდება შემდეგი ძირითადი პრინციპების დაცვით:
საინვესტიციო სესხებისათვის:
საინვესტიციო სესხების აღება მოხდება მხოლოდ დიდი და კომპლექსური პროექტებისთვის. ეს არის პროექტები, რომლის ფარგლებშიც სამუშაოების მაღალი სტანდარტით შესასრულებლად საჭიროა პროექტის განხორციელებაში განვითარების პარტნიორების მხარდაჭერა, და რომელთაც თან ახლავს ექსპერტიზა და ცოდნის გაზიარება. საინვესტიციო სესხის აღების მთავარი სარგებელი არის არა მხოლოდ ფინანსური რესურსის მოზიდვა, არამედ ის მხარდაჭერა, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს პროექტის შესაბამისი სტანდარტებით განხორციელებას. შესაბამისად, მთავრობა არ აიღებს (არ გააკეთებს ახალ განაცხადს) საინვესტიციო სესხს იმ პროექტებისათვის, რომელთა განხორციელებაც იმავე წარმატებით და ეფექტიანობით არის შესაძლებელი ბიუჯეტის საკუთარი რესურსების გამოყენებით;
აუცილებელია, თითოეული საინვესტიციო სესხის ფარგლებში ყოველი პროექტისათვის არსებობდეს მისი ეფექტიანობის შესახებ დადებითი შეფასება. საინვესტიციო სესხის აღების ინიცირება შესაძლებელია მხოლოდ იმ პროექტებისთვის, რომლებსაც საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების მართვის მეთოდოლოგიის6 მიხედვით გავლილი აქვთ წინასწარი შეფასების ეტაპი და მიღებული აქვთ ეკონომიკური საბჭოს7 დადებითი გადაწყვეტილება. შესაბამისად აუცილებელი წინაპირობაა, რომ საინვესტიციო სესხის ინიცირებისათვის სესხის ბენეფიციარ სამინისტროს ან მუნიციპალიტეტს ჰქონდეს დანერგილი სახელმწიფო ინვესტიციების მართვის სისტემა თავის უწყებაში. ამასთან ისეთი საინვესტიციო პროექტები, რომლებიც არ ექვემდებარება საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების მეთოდოლოგიით განსაზღვრული წესით განხილვას, შერჩევას გაივლიან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფისკალურ საბჭოსთან.
სახელმწიფო საწარმოებზე გადასესხება განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ საწარმო გამოხატავს სახელმწიფო საწარმოების მიმდინარე რეფორმისადმი მზაობას. მინიმალური სტანდარტის დასაკმაყოფილებლად სახელმწიფო საწარმო უნდა გამოხატავდეს მზაობას: ა) მთავრობის მიერ დამტკიცებული OECD სტანდარტის შესაბამისი კორპორაციული მართვის კოდექსის მიხედვით კორპორაციული მმართველობის პრაქტიკის დასანერგად; და ბ) მთავრობის მიერ დამტკიცებული საქართველოს სახელმწიფო საწარმოთა ყოვლისმომცველი რეფორმის განსახორციელებლად;
კრედიტუნარიანი საწარმოებისათვის მთავრობა შეწყვეტს გადასესხების პრაქტიკას. ამით, მთავრობა წაახალისებს კომპანიებს გავიდნენ კერძო კაპიტალის ბაზარზე და დამოუკიდებლად მოპოვებული რესურსებით შეძლონ კომპანიაში ინვესტიციების განხორციელება. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიისათვის საჭირო ინვესტიციების განხორციელება არ იყოს საბიუჯეტო პროცესის ნაწილი და იყოს დამოუკიდებელი საბიუჯეტო შეზღუდვებისგან. აღნიშნული თავის მხრივ გაზრდის ინვესტიციებს ქვეყნის ეკონომიკაში. ამავდროულად, იმ სახელმწიფო კომპანიებისთვის, რომლებიც გავლენ ადგილობრივ ბაზარზე, მთავრობა მოახდენს გადასესხებული სესხების საბაზრო ინსტრუმენტებად კონვერტირებას, რაც გაზრდის კომპანიების მიერ გამოშვებული ინსტრუმენტების ლიკვიდობას და გამოათავისუფლებს ფისკალურ სივრცეს;
პროგრამული სესხებისათვის:
2022 წლიდან სესხის აღება ხდება მხოლოდ მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციული რეფორმებისათვის. მსგავსი პროგრამების ფარგლებში მნიშვნელოვანი ტექნიკური დახმარების გამოყოფა ხდება რეფორმების საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკების შესაბამისად განხორციელების მხარდასაჭერად. მნიშვნელოვანია აქცენტი გაკეთდეს და განხორციელდეს მაღალი ტრანსფორმაციული ხასიათის მქონე რეფორმები. პროგრამული სესხებით დაფინანსდება მხოლოდ მნიშვნელოვანი სახელმწიფო რეფორმები, რომელთა შედეგი წინასწარ იქნება შეფასებადი და მთავრობის მიერ დამტკიცებული. რეფორმის ტრანსფორმაციულობის ხარისხს შეაფასებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფისკალური საბჭო. აღსანიშნავია, რომ პროგრამულ სესხებზე დაწესებულია წლიური ლიმიტი 250 მლნ აშშ დოლარის ოდენობით.

ასევე დაგაინტერესებთ