„2025 წელს, უძრავი ქონების გაყიდვების ზრდის ტემპი შენელდება“,- ამის შესახებ Galt & Taggart-ის ასოცირებულმა მკვლევარმა, ზუკა თავყელიშვილმა „კომერსანტთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
მისივე თქმით, უძრავი ქონების ბაზარზე რამდენიმე მთავარი გავლენა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურმა მოვლენებმა მოახდინა. რაც შეეხება ფასებს, Galt & Taggart-ი ფასების კლებას, უახლოეს მომავალში არ ვარაუდობს, თუმცა თუ მოთხოვნის შემცირების ტემპი დიდხანს გაგრძელდა, ფასების კლებაც მოსალოდნელია.
„2024 წელი რომ შევაჯამოთ, საკმაოდ ტურბულენტური წელი იყო, თუმცა გაყიდვები დაახლოებით, იმავე ნიშნულზე დარჩა, რაც 2023 წელს იყო. 2024 წლის ბოლოს უძრავი ქონების ბაზარზე, გაყიდვების ტემპი მცირედით შენელდა, რაც საპროტესტო ტალღით იყო გამოწვეული. ამან, რა თქმა უნდა, ინვესტორების მოლოდინებზე ნეგატიურად იმოქმედა, კარგ შემთხვევაში გამოიწვია, შესყიდვების გადავადება, რათა უფრო მკაფიო სურათი დაენახათ სამომავლოდ, უარეს სიტუაციაში კი მოთხოვნის გაუქმება გამოიწვია.
რაც შეეხება, 2025 წლის უძრავი ქონების ბაზართან დაკავშირებულ მოლოდინებს, ამის პროგნოზირება რთულია, რადგან მეტწილად პოლიტიკური მოვლენების განვითარებაზეა დამოკიდებული. დღევანდელი გადმოსახედიდან, ველოდებით, რომ მცირედი შენელება იქნება გაყიდვების მხრივ.
ფასების კუთხით შემცირების დინამიკას ჯერჯერობით ვერ ვხედავთ, თუმცა თუ გაყიდვების ტემპი 2025 წელს მკვეთრად შენელდა, შესაძლოა, ფასების კორექციაც ვიხილოთ. აღსანიშნავია, რომ უძრავ ქონებაზე ფასები თვიდან-თვემდე ბევრად უფრო ნელა იზრდება, ვიდრე ეს წინა წლებში ხდებოდა, თუმცა, ხარჯებში კლება არ ჩანს და სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ ფასების კლებას ჯერ არ უნდა ველოდოთ.
მოთხოვნის მთავარი მაგენერირებელი კვლავ საჭიროებაზე დამოკიდებული მოთხოვნაა თბილისის ბიზნესზე, რაზეც ბევრმა რამემ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს, მაგალითად კურსის გაუფასურებამ, ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებამ… რაც შეეხება საინვესტიციო მხარეს, ამ მხრივაც შესაძლოა უარყოფითი მოვლენები ვიხილოთ, თუ დიდი კომპანიები საქართველოს ბაზრიდან გასვლას გადაწყვეტენ, რაც საიჯარო ბაზარს შეამცირებს“,- აღნიშნა თავყელიშვილმა.
