“2025 წელი საშინლად რთული იყო. შემაშინა და უამრავი კითხვით დამტოვა, მაგრამ მე ისევ აქ ვარ” – ბიანკა ბალტის ემოციური წერილი და ამბავი 2025 წლის შესახებ – Marao
სუპერმოდელი ბიანკა ბალტი 2025 წელს აჯამებს და გამომწერებს ემოციურ წერილს უზიარებს:
“2025 წელი რთული იყო.
ასე შევხვდი 2025 წელს, წარმოდგენა არ მქონდა, რამდენად დაძაბული და რთული იქნებოდა მომავალი წელი. პირველ რიგში, გავიკეთე ბოლო დარჩენილი ორი ქიმიოთერაპია. ჩემი სხეული თავის ზღვრამდე მივიდა, სანამ ეს წელი თავის რიტმს იპოვიდა.
16 თვე გავატარე ალესანდროსთან დისტანციურ სიყვარულში. შორს მყოფი ადამიანის სიყვარული ისეთი რამაა, რასაც საკუთარ მტერსაც არ ვუსურვებდი.
მატილდამ დაასრულა საშუალო სკოლა და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავიდა. არასდროს მიგრძნია თავი ასე ამაყად, მასთან ერთად ცხოვრება მენატრება.
ოქტომბერში მივწერე “ვიქტორია სეკრეტს” და ვთხოვე, მათ პოდიუმზე გავსულიყავი, მაგრამ არ მიპასუხეს. ამ შეტყობინების გაგზავნას გამბედაობა სჭირდებოდა, დუმილი კი მტკივნეული იყო.
გონებრივად და ფიზიკურად 2025 წელი ისეთი გამოწვევების მომტანი იყო, როგორიც არასდროს წარმომედგინა. ტკივილი, გამოფიტვა, გამოჯანმრთელება, ისევ აქ ვარ, ისევ ფეხზე ვდგავარ.
2025 წელი საშინლად რთული იყო. შემაშინა და უამრავი კითხვით დამტოვა, მაგრამ მე ისევ აქ ვარ, ვდგავარ, ვსუნთქავ და მადლიერებას ვირჩევ. შენც იმავეს გააკეთებ ჩემთან ერთად?” – წერს ბიანკა ბალტი.
2022 წლის ბოლოს ბალტიმ გენეტიკური ტესტი გაიკეთა და აღმოაჩინა, რომ BRCA1 გენის მატარებელია – ასეთ შემთხვევაში მკერდის კიბოს დიაგნოზის დასმის შანსი 50%-ია, ხოლო საკვერცხის 30%.
“გასულ კვირას გამოკვლევა ჩავიტარე და გავიგე, რომ მუცლის ქვედა ნაწილში ტკივილი საკვერცხის კიბოთი იყო გამოწვეული. ეს იყო შიშით, ტკივილითა და ცრემლებით სავსე კვირა, მაგრამ სიყვარულით, იმედით და ძალით სავსე ვარ.წინ გრძელი გზა მელის, მაგრამ ვიცი, რომ ამას დავამარცხებ. ჯერჯერობით კიბომ ის მასწავლა, რომ თითოეულ დაბრკოლებაში სილამაზე უნდა დავინახო”, – წერდა ბიანკა “ინსტაგრამზე” და აღნიშნავდა, რომ ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.
მოდელი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და საკუთარ გამოცდილებას დაავადებასთან ბრძოლის წინააღმდეგ მუდმივად აქვეყნებს, ცოტა ხნის წინ ბიანკამ არ უღალატა ტრადიციას და მისი ცხოვრების რთული გზის შესახებ წერდა.
“თუ აქ ახალი ხართ, მოკლედ მოგიყვებით ჩემი ისტორიის შესახებ.
მე ვარ 41 წლის ქალი იტალიიდან, ვცხოვრობ ჩემი ამერიკულ ოცნებაში,კალიფორნიაში. მე ვარ 16 წლის მატილდას და 10 წლის მიას დედა, მათი დედობით კი ყველაზე მეტად ვამაყობ.
ბოლო 21 წლის განმავლობაში მე ავიწყვე მოდელის ის კარიერა, რომელიც ჩემს ყველაზე გიჟურ ოცნებასაც კი აღემატებოდა. გამოვედი ცნობილი ბრენდების პოდიუმებზე, მქონდა პატივი, პრესტიჟული ჟურნალის გარეკანზე ვყოფილიყავი, ვიყავი ექსკლუზიური და დაუვიწყარი ღონისძიებების ნაწილი.
2021 წელს გავიგე, რომ ვიყავი BRCA1 გენეტიკური მუტაციის მატარებელი და 2022 წლის ბოლოს პრევენციის მიზნით ორმაგი მასტექტომია გავიკეთე. ვოცნებობდი მეტი შვილის ყოლაზე, ამიტომ გავყინე კვერცხუჯრედები და ვყოყმანობდი საკვერცხეების ამოღებაზე.
2024 წლის ბოლოს მითხრეს, რომ მაქვს მესამე სტადიის საკვერცხის კიბო და გამიკეთდა ოპერაცია, რომელიც ბევრ ორგანოს შეეხო. 2024 წლის 14 ოქტომბერს დავიწყე ქიმიოთერაპია. საკუთარ თავს დავპირდი, რომ არასდროს ვნახავდი, როგორ მცვიოდა თმა, ამიტომ ჰელოუინის ღამეს თავი გადავიპარსე. მეგონა ლამაზ პარიკს მოვირგებდი, მაგრამ ქუდებით უფრო კომფორტულად ვგრძნობდი თავს. მსურდა, ისევ ნორმალურ ადამიანად მეგრძნო თავი, დავგეგმე ფოტოსესიები, რომ მოდის ინდუსტრიისთვის დამემტკიცებინა, სილამაზე ავადმყოფობით არ ქრება. ბოლო ქიმიოთერაპიიდან 2 კვირის შემდეგ ვიყავი ყველაზე აღიარებული იტალიური სატელევიზიო შოუს, სანრემოს მუსიკალური ფესტივალის თანაწამყვანი.
მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ასობით ქალი დამიკავშირდა, რაც ადასტურებს, რომ საკუთარი ისტორიის გაზიარებით სხვებს ვეხმარები, რომ თავი უკეთ იგრძნონ.
ამ ამბებიდან ერთი წლის შემდეგ, მე ვარ ახალი მიზნით, რომ იმედი და ძალა მივცე ქალებს, რომლებიც იგივე რთულ გზას გადიან,” – წერდა ბიანკა.



