2025 წელი ბრუნვით და შესრულებული პროექტების მასშტაბებით ბევრად უკეთესი იქნება, ვიდრე 2024 იყო – Jetex Georgia 6 თვეს აჯამებს

სახანძრო უსაფრთხოებისა და ვენტილაციის სერვისის მიმწოდებელი კომპანია Jetex-ის დირექტორმა რევაზ მესხმა „საქმიან დილაში“ მიმდინარე წლის ექვსი თვე შეაფასა. მისი თქმით, 2025 წელი საერთო ჯამში, გასულ წელთან შედარებით, ბევრად უკეთესი იქნება.
როგორც ის გადაცემაში სტუმრობისას განმარტავს, Jetex-ის სერვისებზე მოთხოვნა ძირითადად აპრილიდან გააქტიურდა, რის ერთ-ერთ მიზეზად “ექსპო ჯორჯიაში” გამოფენას ასახელებს.
„საინტერესო 6 თვე გამოგვივიდა, წლის დასაწყისი ისეთი აქტიური არ იყო, მაგრამ აპრილიდან ჩვენი სერვისების მოთხოვნა გააქტიურდა. საკმაოდ დიდი გავლენა იქონია [ექსპო ჯორჯიაში] გამოფენამ“, – განაცხადა რევაზ მესხმა.
რაც შეხება სიახლეებს, იგი ამბობს, რომ მათთვის ყველაზე საამაყო ამბავია საწარმოს გადაიარაღების პროცესი, ანუ ტექნიკური განახლების მასშტაბური ინიციატივა, რომელიც მისი თქმით, Jetex-ს საშუალებას მისცემს მნიშვნელოვნად გააძლიეროს წარმოების მოცულობა და ეფექტიანობა გაზარდოს.

„საწარმოს გადაიარაღების პროცესი, რომელიც დასრულების ეტაპზეა, საშუალებას მოგვცემს ჩვენი წარმადობა მინიმუმ 10-ჯერ გავზარდოთ“, – განმარტავს იგი.
მან ასევე სომხეთის ბაზარზე ისაუბრა და განმარტა, რომ იქ გაფართოების მიზნით, გადაწყვიტეს „ჯეტექს არმენია“ გაეხსნათ, რომელიც იქნება ცალკე კომპანია, ადგილზე იქნება დაფუძნებული და განვითარებას დამოუკიდებლად დაიწყებს.