2024 წლის სუპერლიგის ოლ სტარში ადგილობრივების გუნდმა ლეგიონერები 147:131 დაამარცხა

სუპერლიგის 2024 წლის ყველა ვარსკვლავის მატჩ-აქციას თბილისი არენამ უმასპინძლა. ბოლო წლებში დამკვიდრებული ტრადიციის შემდეგ, რაც ოლ სტარის რეგიონებში ჩატარებას გულისხმობდა, ყველა ვარსკვლავის მატჩი-აქცია დედაქალაქში დაბრუნდა. აქამდე ყველა ვარსკვლავის მატჩი-აქცია ქუთაისში, გორში, ხაშურში და რუსთავში ჩატარდა.
ტრადიციულად, ყველა ვარსკვლავის მატჩს სამქულიანებისა და ეფექტური გდებების, ეგრეთ წოდებული ჩატენვების კონკურსი ახლდა. მატჩ-აქციაში მონაწილეობდნენ ჩირლიდერ გოგონათა გუნდი, რომლებიც კალათბურთელებს თამაშისა და კონკურსებში მონაწილეობისას ამხნევებდნენ. დარბაზში იმყოფებოდა საქართველოს ნაკრებისა და ქართული კალათბურთის მხარდამჭერი თილისმა – ლომი “ჯეო”.
ადგილობრივები VS ლეგიონერები
სრული სტატისტიკა: 147:131
ოლ სტარისთვის
მონაწილეები სუპერლიგის ვებ-გვერდზე მიმდინარე გამოკითხვის შედეგად შეირჩნენ, სათადარიგოები კი მწვრთნელებმა დაასახელეს. ადგილობრივი მოთამაშეების გუნდს თსუ-ს მთავარი მწვრთნელი ლექსო ლაფანაშვილი უძღვებოდა, ხოლო ლეგიონერებს – გურჯაანის დელტას მთავარი მწვრთნელი ირაკლი ხოშტარია. მწვრთნელებმა ასისტენტები თავად შეარჩიეს – ხოშტარიას ასისტენტობას საბა ზაქრაძე და დიმიტრი ჯაკობოვი უწევდნენ, ხოლო ლაფანაშვილს თსუ-ში მისი ასისტენტი ნიკა მსხალაია და რაშის თავკაცი ბესიკ ლეჟავა.
ადგილობრივები
სასტარტო ხუთეული:
გიორგი ოჩხიკიძე, დავით ლომიძე, გიორგი სულაბერიძე (სამივე ), ალექსანდრე ფევაძე (თსუ), ბექა ბექაური (გურჯაანი).
სათადარიგოები:
ლუკა მაზიაშვილი (კავკასია), ოთარ ფხაკაძე, ნიკა დარბაიძე (ორივე გურჯაანი), ოთარ ბულიავა (ბათუმი), ლუკა ბულაშვილი (რუსთავი), ნიკა ჩეჩელაშვილი (თსუ), გეგი ბაქრაძე (ივერიონი).
სასტარტო ხუთეული:
დეტრიკ ბრაუნინგი (ქუთაისი), მაიკლ მეისი (მარგვეთი), რაიან ჰოლნდი (ორბი), ჰანტერ ბოუდი (ბათუმი), მარქუს გილსონი (ქუთაისი)
სათადარიგოები:
ტევის სმიტი, ენდრიუ ლუისი (ორივე გაუ), ტაირი ბოიკინი (თსუ), ჯონ ნეიგლი (ორბი), ტაიშონ კროუფორდი (მარგვეთი), გრეგ ფარამი (კავკასია)
ორივე გუნდის წევრები ცდილობდნენ, თბილისი არენაზე მოსული გულშემატკივრისთვის ლამაზი სანახაობა ეჩვენებინათ. შესაბამისად, შესაბამისად, მოთამაშეები დაცვაზე არ იყვნენ ორიენტირებულები და მეტ ძალისხმევას იმპროვიზებულ თამაშზე არ იშურებდნენ. როგორც ოლ სტარს ახასიათებს, ამჯერადაც უხვქულიანი ანგარიში დაფიქსირდა. გამარჯვება ადგილობრივი კალათბურთელებით დაკომპლექტებულ გუნდს დარჩა – 147:131, რაც ქართული ოლ სტარების სარეკორდო შედეგია.
სამქულიანების კონკურსი
სამქულიანების კონკურსის ნახევარფინალი მეორე პერიოდის დასრულების შემდეგ გაიმართა და მასში მონაწილეები პერიმეტრის 5 სხვადასხვა წერტილიდან 5-5 ბურთს ესროდნენ. 25 სროლისთვის მონაწილეს 1 წუთი ჰქონდა გამოყოფილი. თითოეული ჩაგდებული ბურთი 1 ქულად ფასობდა, ხოლო ყოველი წერტილიდან სასროლი ბოლო, მე-5 ბურთი 2-ქულიანი გახლდათ. პირველ ეტაპს 2 ფინალისტი უნდა გამოევლინა.
კონკურსში მიმდინარე სუპერლიგის 5 მოწინავე სამქულიანების მსროლელი მონაწილეობდა – ალექსანდრე ფევაძე და ტაირი ბოიკინი (ორივე თსუ), ჯონ ნეიგლი (ორბი), ოთარ ფხაკაძე (გურჯაანი), დავით ლომიძე (ქუთაისი)
პირველ გამოსვლაში საუკეთესო შედეგი ჯონ ნეიგლიმ აჩვენა – 17. მეორეზე ალექსანდრე ფევაძე გავიდა 16 ქულით და სწორედ ეს 2 კალათბურთელი გადავიდა ფინალში. გადამწყვეტი შერკინება მესამე პერიოდის ბოლოს გაიმართა, რომელიც ორბის ფორვარდმა, ჯონ ნეიგლიმ მოიგო მოგროვებული 20 ქულით.
ეფექტური გდებების (ჩატენვების) კონკურსი
ეფექტურ გდებებში 6 მონაწილე იყო – ბათუმის ამერიკელი – ჰანტერ ბოუდი, ტევის სმიტი, ენდრიუ ლუისი (ორივე გაუ), გიორგი ბართია (კავკასია), დუეინ გუდმენი (თსუ) და ბაქარ ბერეკაშვილი (ქუთაისი).
ეფექტური გდებების საკონკურსო ჟიურიში იყვნენ – კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ნიკოლოზ ცქიტიშვილი, გამგეობის თავმჯდომარე, პაატა გურასპაული, ვეტერანი კალათბურთელები და გამგეობის წევრები – ვახტანგ ნაცვლიშვილი, დავით თორთლაძე და ოთარ ფაიქრიძე.
კონკურსი ძალიან შთამბეჭდავი გამოდგა. ძირითადი ბრძოლა ბათუმელ ჰანტერ ბოუდსა და გაუ-ელ ტევის სმიტს შორის გაიმართა. ორივე მათგანმა ისეთი გდებები შეასრულა, რომ მაყურებელი აღტაცებაში მოიყვანა. გამარჯვებას ორივე იმსახურებდა, თუმცა პრიზი ერთი იყო და ჟიურის გადაწყვეტილებით გამარჯვებული ბათუმის ამერიკელი ფორვარდი, ჰანტერ ბოუდი გახდა.
დაჯილდოების ცერემონიალი
2024 წლის „ყველა ვარსკვლავის მატჩის“ მონაწილეები სპეციალური მედლებით და სიგელებით დააჯილდოვეს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლოზ ცქიტიშვილმა, გამგეობის თავმჯდომარემ პაატა გურასპაულმა და ვეტერანმა კალათბურთელმა, გამგეობის წევრმა, ვახტანგ ნაცვლიშვილმა.
3-ქულიანების კონკურსის გამარჯვებული გახდა ტყიბულის ორბის წევრი, ჯონ ნეიგლი, რომელიც სპეციალური პრიზით საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარემ, პაატა გურასპაულმა დააჯილდოვა.
ჩატენვების კონკურსის გამარჯვებული გახდა ბათუმის მოთამაშე ჰანტერ ბოუდი, რომელიც სპეციალური პრიზით დააჯილდოვა ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, ფედერაციის გამგეობის წევრმა, ვახტანგ ნაცვლიშვილმა.
2024 წლის ოლ სტარის საუკეთესო მოთამაშე გახდა ქუთაისის გუნდის წევრი დავით ლომიძე, რომელიც საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკოლოზ ცქიტიშვილმა დააჯილდოვა.
GBF