2024 წლის პროგნოზით საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი 2-ჯერ შემცირდება, იმპორტი – გაიზრდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2024 წლის პროგნოზით, საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი, 2023 წელთან შედარებით, 2-ჯერ შემცირდება.
2024 წელს ქვეყნიდან ელექტროენერგიის ექსპორტის საპროგნოზო მაჩვენებელი 774,1 მლნ კვტ/სთ-ს შეადგენს, მაშინ, როდესაც 2023 წელს ექსპორტირებული ენერგიის მოცულობა 1,47 მლრდ კვტ/სთ იყო.
სამინისტროს პროგნოზით, 2024 წელს ელექტროენერგიის იმპორტი 990,7 მლნ კვტ/სთ-მდე გაიზრდება. 2023 წელს იმპორტის მაჩვენებელი დაახლოებით 709 მლნ კვტ/სთ იყო.
რაც შეეხება ელექტროენერგიის გამომუშავების მაჩვენებელს, აქაც შემცირებაა მოსალოდნელი და გამომუშავება 14,3 მლრდ კვტ/სთ-ზეა დაგეგმილი. 2023 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 14,4 მლრდ კვტ/სთ იყო.
მიმდინარე წელს მთლიანი გამომუშავებიდან ჰიდროელექტროსადგურების წილი 11,1 მლრდ კვტ/სთ უნდა იყოს, თბოელექტროსადგურების – 3 მლრდ კვტ/სთ-ზე მეტი, ხოლო ქართლის ქარის ელექტროსადგურის – 85,8 მლნ კვტ/სთ.
რაც შეეხება მოხმარების პროგნოზს, სამინისტრო მიმდინარე წელს მოხმარების კლებას 14,5 მლრდ კვტ/სთ-მდე ვარაუდობს, საიდანაც აფხაზეთზე 2,9 მლრდ კვტ/სთ მოდის. გასულ წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 14,9 მლრდ კვტ/სთ იყო.