2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოს რკინიგზის შემოსავალი 316 მილიონ ლარამდე გაიზარდა

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოს რკინიგზის შემოსავალი 316 მილიონ ლარამდე გაიზარდა, – ამის შესახებ კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კომპანიის შემოსავალი 4%-ით, ანუ 11 მილიონი ლარით არის გაზრდილი.

საქართველოს რკინიგზის შემოსავლები 2024 წლის პირველ 6 თვეში წყაროების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • სატვირთო გადაზიდვები – 173 მილიონი ლარი, მატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან 3 მლნ;
  • ლოგისტიკური სერვისები – 66.8 მილიონი ლარი, კლება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან 0.1 მლნ;
  • ტვირთების მომსახურება – 41.9 მილიონი ლარი, მატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან 1.6 მლნ;
  • სამგზავრო გადაყვანები – 16.8 მილიონი ლარი, კლება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან 1.3 მლნ;
  • სატვირთო ვაგონების საზღვრის კვეთის მოსაკრებელი – 7.9 მილიონი ლარი, მატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან 4 მლნ;
  • ვაგონების და სხვა აქტივების გაქირავება – 2.5 მილიონი ლარი, მატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან 0.6 მლნ;
  • სხვა შემოსავლები – 6.6 მილიონი ლარი, მატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან 3.6 მილიონი ლარი.

თუმცა, გაზრდილი ფინანსური ხარჯების გათვალისწინებით მკვეთრად შემცირდა კომპანიის წმინდა მოგება, რამაც 2.2 მილიონი ლარი შეადგინა. 2023 წლის პირველ კვარტალში კი წმინდა მოგება 86.4 მილიონ ლარს შეადგენდა, საიდანაც 43 მილიონი ლარი საკურსო სხვაობით (ლარის გამყარებით) გამოწვეულ მოგებას წარმოადგენდა. 2024 წლის პირველ ნახევარში კი ლარი გაუფასურდა, რაც საქართველოს რკინიგზის ფინანსურ ანგარიშზე 56 მილიონი ლარის საკურსო ზარალით აისახა.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოს რკინიგზამ მასში დასაქმებული 12 ათასი ადამიანის ხელფასზე 116 მილიონი ლარის ხელფასები გასცა, ცვეთისა და ამორტიზაციის ხარჯი 31.6 მილიონი ლარი იყო, ელექტროენერგიის, საწვავისა და სხვა სახარჯი მასალების ხარჯი 42 მილიონ ლარს შეადგენდა, სხვა ხარჯები კი 59 მილიონი ლარი იყო.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, საქართველოს რკინიგზის აქტივები 2.5 მილიარდ ლარს შეადგენს, ვალდებულებები კი 1.64 მილიარდი ლარია. კომპანიის ვალდებულებებს შორის უმსხვილესი 2021 წელს გამოშვებული $500-მილიონიანი ევროობლიგაციებია.