2024 წლის პირველ კვარტალში რეფერენტული ფასები მთელ ფარმაცევტულ ბაზარზე გავრცელდება

ფარმაცევტულ ბაზარზე რეფერენტული ფასების დადგენის პროცესი მომდევნო წლის პირველ კვარტალში დასრულდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე რეფერენტული ფასი უკვე მოქმედებს მედიკამენტების ძირითად ნაწილზე – 5000-ზე მეტ პრეპარატზე. მინისტრის განცხადებით, ესენია, ძირითადად, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო წამლები, ანტიბიოტიკები და სხვა მედიკამენტები.
„ძირითად ნაწილზე ეს უკვე გავრცელებულია. ეტაპობრივად დაემატება, თუმცა ძირითადი ნაწილი ფარმაცევტული ბაზრის ამით უკვე შევსებულია. დარჩენილია 2 ათასი მედიკამენტი, რომელზედაც უნდა გავრცელდეს და ვფიქრობთ, რომ მომავალი წლის პირველ კვარტალში ამას დავასრულებთ და მთლიან ბაზარზე იქნება გავრცელებული,“ – განაცხადა მინისტრმა.
ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, მომავალი წლიდან, რეფერენტული ფასებისა და სხვა რეფორმების შედეგად, საბოლოო ჯამში, ქვეყანაში, ფარმაცევტული ბაზარი მოწესრიგდება, მოქალაქეებისთვის კი გაიზრდება ხელმისაწვდომობა და შემცირდება ჯიბიდან გადახდები.
მისივე თქმით, საერთო ჯამში, რეფერენტული ფასების დაწესებითა და თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნით, მოქალაქეებმა, 350 მილიონი ლარი დაზოგეს.
შეგახსენებთ, რომ მოსახლეობისთვის წამლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სახელმწიფომ, ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტების ღირებულების ის მაქსიმალური ზღვარი დაადგინა, რომელზე მაღალ ფასადაც, მათი რეალიზაცია აიკრძალა. ცვლილების შედეგად, ფარმაცევტული პროდუქტის ფასი, საშუალოდ 40%-ით შემცირდება.
მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების რეფორმა ძალაში 15 თებერვლიდან შევიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფარმაცევტულ კომპანიებს კონკრეტული წამლების ზღვრულ ფასებზე ძვირად გაყიდვის უფლება აღარ აქვთ.

jandacva.ge