2024 წლის დასაწყისში ბიზნესის განწყობა გაუარესდა – ISET

კვლევითი ორგანიზაცია ISET-ის მონაცემებით, 2024 წლის I კვარტალისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 0.4 პუნქტით შემცირდა და 17.7-ს გაუტოლდა.
ამავე ცნობით, ბიზნესის განწყობის ყველაზე დიდი გაუარესება ვაჭრობის (-15.1) სექტორში დაფიქსირდა. BCI-ის უარყოფითი ცვლილება გაუარესებულმა მიმდინარე მდგომარეობამ და ნაკლებად პოზიტიურმა მოლოდინებმა განაპირობა.
მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი, რომელიც კომპანიების მიერ გასული კვარტალის განმავლობაში საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას ეყრდნობა, 2023 წლის IV კვარტალთან შედარებით 5.0 პუნქტით შემცირდა და 2024 წლის I კვარტალისთვის 18.0-ს გაუტოლდა. მიმდინარე მდგომარეობის ყველაზე დიდი გაუარესება ვაჭრობის (-28.6) და მრეწველობის (-16.3) სექტორებში დაფიქსირდა.
ბიზნესის მოლოდინების ინდექსი, რომელიც გვიჩვენებს, რამდენად ოპტიმისტურად არის განწყობილი ბიზნეს სექტორი მომავლის მიმართ, 34.8 პუნქტამდე შემცირდა. 2024 წლის I კვარტალისთვის მოლოდინების საგრძნობი შემცირება დაფიქსირდა ვაჭრობის (-23.8) და მრეწველობის (-8.2) სექტორებში.
გასაყიდი ფასების მოლოდინების ინდექსი მცირედით, 0.8-ით გაიზარდა და 18.4 პუნქტს მიაღწია. ეს მაჩვენებელი გვიჩვენებს, რომ ბიზნესების წილი, რომელიც მომდევნო სამ თვეში ვარაუდობს ფასის მატებას საკუთარ პროდუქტზე, მცირედით გაიზარდა.