2024 წლის ბოლოსთვის მსოფლიო ეკონომიკა ანტირეკორდს დაამყარებს – მსოფლიო ბანკი

მსოფლიო ბანკის ანგარიშის – გლობალური ეკონომიკის პერსპექტივები – თანახმად, მიმდინარე ათწლეული გარდამტეხი უნდა ყოფილიყო განვითარების მიმართულებით, თუმცა, პროგნოზების მიხედვით, 2024 წლის ბოლოსთვის მსოფლიო ეკონომიკა ანტირეკორდს დაამყარებს – გლობალური მშპ-ს ზრდის ტემპი ამ ათწლეულის პირველ ნახევარში ყველაზე დაბალი იქნება ბოლო 30 წლის განმავლობაში.
ერთის მხრივ, გლობალური ეკონომიკა უკეთეს მდგომარეობაში იმყოფება ვიდრე ერთი წლის წინ: რეცესიის რისკი შემცირდა, ძირითადად -ის ეკონომიკის სიძლიერის გამო. თუმცა, მზარდ გეოპოლიტიკურ დაძაბულობას მსოფლიო ეკონომიკისთვის ახალი მოკლევადიანი საფრთხეების შექმნა შეუძლია. ამასთან ერთად, საშუალოვადიანი პერსპექტივა ბევრი განვითარებადი ქვეყნისთვის გაუარესდა წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის შენელების, გლობალური ვაჭრობის შესუსტებისა და ათწლეულების განმავლობაში არსებული მკაცრი ფინანსური პირობების ფონზე. მოსალოდნელია, რომ 2024 წელს გლობალური ვაჭრობა პანდემიამდე არსებული ათწლეულის საშუალო მაჩვენებლის მხოლოდ ნახევარი იქნება.
ასევე, განვითარებად, განსაკუთრებით კი დაბალი საკრედიტო რეიტინგის მქონე ქვეყნებში, სესხის აღებასთან დაკავშირებული ხარჯები მოიმატებს, რამდენადაც საპროცენტო განაკვეთები ინფლაციის კორექტირების გათვალისწინებით მსოფლიოში ოთხი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მაღალ დონეზეა შენარჩუნებული.
პროგნოზის თანახმად, გლობალური ეკონომიკური ზრდა ზედიზედ მესამე წელია იკლებს წინა წელს არსებული 2.6%-დან 2.4%-მდე 2024 წელს, რაც თითქმის სამი მეოთხედი პროცენტული ერთეულით დაბალია 2010 წლის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით. განვითარებად ქვეყნებში მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მხოლოდ 3.9% იქნება, რაც წინა ათწლეულის მაჩვენებელთან შედარებით დაახლოებით ერთი პროცენტული ერთეულით ნაკლებია. გასული წლის არასახარბიელო მაჩვენებლების შემდეგ დაბალშემოსავლიან ქვეყნებში ეკონომიკური ზრდა სავარაუდოდ 5.5%-ს მიაღწევს, რაც ადრე ნავარაუდევთან შედარებით დაბალია.
2024 წლის ბოლოსთვის ყოველი ოთხი განვითარებადი ქვეყნიდან ერთში და დაბალშემოსავლიანი ქვეყნების 40 პროცენტში მოსახლეობა გაცილებით ღარიბი იქნება ვიდრე 2019 წელს COVID პანდემიის დაწყებამდე. მოწინავე ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ზრდა წელს 1.2%-მდე შენელდება 2023 წლის 1.5%-იან მაჩვენებელთან შედარებით.
„ძირითადი კურსის მნიშვნელოვანი ცვლილების გარეშე 2020-იანი წლები დაკარგული შესაძლებლობების ათწლეულად იქნება მიჩნეული“, აღნიშნა მსოფლიო ბანკის ჯგუფის მთავარმა ეკონომისტმა და უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა ინდერმით გილმა.
მისივე თქმით: „მოკლევადიანი ეკონომიკური ზრდა კვლავ სუსტი იქნება, რაც ბევრი, განსაკუთრებით უღარიბესი განვითარებადი ქვეყნის მძიმე მდგომარეობაში დარჩენას გამოიწვევს – ვალის დამთრგუნველი დონით და ყოველი სამი ადამიანიდან ერთისთვის სურსათთან შეზღუდული წვდომით. ეს ხელს შეუშლის ბევრ გლობალურ პრიორიტეტთან დაკავშირებით პროგრესის მიღწევას. აღნიშნული ანგარიში გვთავაზობს მკაფიო სამომავლო გზას: ის განსაზღვრავს გარდაქმნას, რომლის მიღწევაც შესაძლებელია, თუ მთავრობები იმოქმედებენ ინვესტიციების დასაჩქარებლად და ფისკალური პოლიტიკის ჩარჩოს გასაძლიერებლად.“
კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ ზემოქმედებაზე რეაგირებისთვის და 2030 წლისთვის განვითარების მიმართულებით სხვა ძირითადი გლობალური მიზნების მისაღწევად, განვითარებად ქვეყნებს ინვესტიციების არსებითი ზრდა დასჭირდებათ – დაახლოებით 2.4 ტრილიონი აშშ დოლარი წელიწადში.
პოლიტიკის ყოვლისმომცველი პაკეტის გარეშე ასეთი ზრდის პერსპექტივები იმედის მომცემი არ იქნება. ინვესტიციების ზრდა ერთ სულზე განვითარებად ქვეყნებში 2023 წლიდან 2024 წლამდე მოსალოდნელია მხოლოდ 3.7%-ის ოდენობით, რაც გასული ორი ათწლეულის მაჩვენებლის დაახლოებით ნახევარია.