“ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის” კლიმატის სტრატეგიის რეგიონული ლიდერი, კონსტანტინე კინწურაშვილი BMG-სთან განმარტავს, რომ ბიზნესისთვის მწვანე ინვესტიციის განხორციელება მნიშვნელოვანია, თუმცა საქართველოში კერძო სექტორი ფინანსური გამოწვევების წინაშე დგას, რის გამოც მწვანე ტექნოლოგიების დანერგვა არ ხდება, – ამის შესახებ კინწურაშვილმა საქართველოს პირველ მწვანე სამიტზე ისაუბრა.
“არსებობს ფინანსური გამოწვევები, კომპანიას უნდა შეეძლოს იმ ანალიზის გაკეთება, რომელიც მიიყვანს დასკვნამდე, რომ რაღაც [მწვანე] ტექნოლოგიის გამოყენებაა მიზანშეწონილი და ფინანსურად მომგებიანი. ეს ტექნოლოგიები არის საკმაოდ ძვირი და დაბალი პენეტრაცია აქვს ჯერ კიდევ საქართველოს ბაზარზე.
ამიტომ ბიზნესის მხრიდან საჭიროა ხედვა და მზაობა, რომ განახორციელონ ინვესტიცია ამ ყველაფერში. არის პროდუქტები, შეღავათები, რომლებიც შეიძლება კომპანიებს დაეხმაროთ ამ ინვესტიციების განხორციელებაში, მაგრამ, რა თქმა უნდა, უმთავრესია, რომ თვითონ კომპანიებმა გაიაზრონ და მზაობა ჰქონდეთ. ეს დადებითია მათივე კომპანიის წარმატებული მომავლისთვის და კონკურენტუნარიანობისთვის”, – ამბობს კონსტანტინე კინწურაშვილი.
როგორც EBRD-ის წარმომადგენელი აღნიშნავს, გასულ წელს ბანკის მიერ საქართველოს კერძო სექტორში ჩადებული ინვესტიციის 56% სწორედ მწვანე პროექტებზე მოდის: “2024 წელი EBRD-სთვის რეკორდული იყო, ჩავდეთ 350 მილიონი ევროს ინვესტიცია საქართველოში, საიდანაც 87% კერძო სექტორში იყო, აქედან 56% – მწვანე პროექტებში. ამით ძალიან ვამაყობთ”.
კითხვაზე, რამდენად ახდენს გავლენას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები საქართველოში EBRD-ის საქმიანობაზე, კონსტანტინე კინწურაშვილი აღნიშნავს, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი კერძო სექტორთან თანამშრომლობას და მის ხელშეწყობას გააგრძელებს.
“ბიზნესებზე აუცილებლად ექნება გავლენა ეკონომიკურ ტენდენციებს, რომლებიც განვითარდება ამ წელს. თუ ვვარაუდობთ, რომ ეკონომიკაში იქნება სირთულეები, აისახება ეს ბიზნესსექტორზეც.
ჩვენი პრიორიტეტი იყო და რჩება კერძო სექტორთან თანამშრომლობა და ხელშეწყობა. ეს არის ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა. იმისათვის, რომ ეს კომპანიები გაიზარდონ, შექმნან ახალი სამუშაო ადგილები და ა.შ. გავაგრძელებთ მუშაობას მაქსიმალურად, რათა დავეხმაროთ ქართულ კერძო სექტორს და ბიზნესებს”, – განაცხადა EBRD-ის კლიმატის სტრატეგიის ლიდერმა.