„2024 წელს ქვეყნის შიგნით ახალი ფილიალების და ობიექტების გახსნას ვგეგმავთ, მათ შორის „გუდვილი გურმეს“ ობიექტების“ – გიორგი ხაბაშვილი

მიმდინარე წელს „გუდვილი“ ახალი ფილიალების და „გუდვილი გურმეს“ ობიექტების გახსნას გეგმავს. როგორც „გუდვილის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ხაბაშვილმა „კომერსანტის“ ეთერში აღნიშნა, 2024 წელს კომპანია გააგრძელებს ქართულ ფერმერულ მეურნეობებთან ექსკლუზიურ თანამშრომლობას და მრავალფეროვან პროდუქტებს შესთავაზებს მომხმარებელს.
„2023 წელი „გუდვილისთვის“ წინა წლებთან შედარებით, ბევრად უფრო სტაბილურ განვითარებაზე მიმართული იყო, რადგან კორონა ვირუსით გამოწვეული წნეხი ბიზნესზე 2023 წელს მეტ-ნაკლებად შემცირდა, აქედან გამომდინარე ბევრი პოზიტიური სიახლის შეთავაზება შევძელით ჩვენი მომხმარებლისთვის და ამის გათვალისწინებით ჩვენი ზრდის მაჩვენებელი წლიდან წლამდე ნორმალური იყო.
„გუდვილი“ ყოველთვის ორიენტირებულია მომხმარებელზე და 2023 წელს მათთვის ბევრი ფერმერული შეთავაზებები გვქონდა. კომპანია ექსკლუზიურად თანამშრომლობს ქართულ ფერმერულ კომპანიებთან და ადგილობრივ საწარმოებთან, იმისთვის რომ ჩვენს მომხმარებელს დახლებზე ხვდებოდეს მაღალი დონის და ხარისხის პროდუქცია, რომელიც ლაბორატორიულად შემოწმებულია.
გარდა ამისა, ჩვენ ჩავუშვით განახლებული ლოიალობის პროგრამა, რომელიც 2024 წელსაც იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, ეს პროგრამა გულისხმობს იმას, რომ მის მფლობელებს ყოველთვის ექნება საინტერესო შეთავაზებები, რომელიც მათზე მორგებული იქნება“, – ამბობს გიორგი ხაბაშვილი.
რაც შეეხება სამომავლო გეგმავს, „გუდვილის“ გენერალური დირექტორი ამბობს, რომ მიმდინარე წელს „გუდვილი“ თავის მომხმარებელს ბევრ საინტერესო სიახლეს შესთავაზებს.
„2024 წელს ქვეყნის შიგნით ახალი ფილიალების და ობიექტების გახსნას ვგეგმავთ, მათ შორის „გუდვილი გურმეს“ ობიექტებს. „გუდვილი გურმე“ ახალი ფორმატია, რომლის ასორტიმენტი უფრო მეტად არის „ფრეში“ პროდუქტები და ჩვენი წარმოების მზა კვება, რამაც მომხმარებელში დიდი მოწონება დაიმსახურა, ამიტომ ვგეგმავთ ამ მიმართულებით გავფართოვდეთ.
2024 წელს ონლაინ მაღაზიის მიმართულებით ბევრ სიახლეს შევთავაზებთ მომხმარებელს. გარდა ამისა, ბევრი სიახლე და ბევრი პოზიტიური ამბავი გვექნება 2024 წელს და ჩვენ ვაგრძელებთ ქართულ ფერმერულ მეურნეობებთან ექსკლუზიურ თანამშრომლობას და ამ მიმართულებით ჩვენი ასორტიმენტის გაფართოებას“, – ამბობს გიორგი ხაბაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ