2024 წელს ქვეყნის საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.4%-ს გაუტოლდა, უმუშევრობის დონე რეკორდულად შემცირდა, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია – ირაკლი კობახიძის ანგარიში

2024 წელს ქვეყნის საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.4%-ს გაუტოლდა, უმუშევრობის დონე რეკორდულად შემცირდა, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია – ირაკლი კობახიძის ანგარიში
2021 − 2024 წლებში, ქვეყნის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 9.7% შეადგინა, ხოლო 2024 წელს ის 9.4%-ს გაუტოლდა, რაც საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნად აქცევს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ყოველწლიურ მოხსენებაშია ნათქვამი, რომელსაც ის პარლამენტს 27 ივნისს წარუდგენს.
ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, 2024 წელს უმუშევრობის დონე რეკორდულად – 13.9%-ამდე შემცირდა, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობამ ისტორიულ მაქსიმუმს – 1.4 მილიონს მიაღწია.
“საქართველოს მთავრობამ განაგრძო თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმა ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე სახელმწიფო მართვის სისტემის შექმნის მიზნით. აქცენტი გაკეთდა ადამიანური რესურსების მართვის გაუმჯობესების მიმართულებით. გაუმჯობესდა სახელმწიფო სერვისების მიწოდება და ასევე მუშაობა მიმდინარეობდა ელექტრონული მმართველობის სისტემების გაძლიერების მიმართულებით. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა მიწის რეგისტრაციის, ციფრული იდენტიფიკაციის, მონაცემთა გაცვლისა და ინფრასტრუქტურის განვითარებით, რაც მიმართულია მომსახურების ხარისხის ამაღლებისა და სახელმწიფო სერვისებზე მოქალაქეთა წვდომის გასაუმჯობესებლად.
საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერება კვლავ ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად გამოაცხადა. ეს მიმართულება რეალურ ნაბიჯებსა და რეფორმებს დაეყრდნო, რაც დაეხმარა დემოკრატიული მმართველობის უფრო მეტად გამყარებასა და ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტიტუციური სისტემის გაძლიერებას. აქტიურად გაგრძელდა 2022 – 2030 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიის განხორციელება.
შეიქმნა ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის სამუშაო ვერსია, რომელიც რეგულარულად განახლდება, იმის გათვალისწინებით, რომ უსაფრთხოების გარემო ხშირად იცვლება.
უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიმართულებით ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. დამტკიცდა საქართველოს კანონი „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნის შესახებ“, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დანაშაულების პრევენციასა და გამოძიებას. მიგრაციის სფეროში განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები თავშესაფრის სისტემის გაუმჯობესებისა და არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით. წარმატებით მიმდინარეობს პოლიციის რეფორმა, რომლის ფარგლებში შექმნილი მართლწესრიგის ოფიცრის სამსახური თბილისში, ბათუმსა და რუსთავში წარმატებით ფუნქციონირებს.
გლობალური გეოპოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად, საქართველოს მთავრობა მტკიცედ აგრძელებს სამთავრობო პროგრამით განსაზღვრული სტრატეგიული მიზნების განხორციელებას და ქვეყანას მშვიდობიანი, მდგრადი და ინკლუზიური განვითარების გზაზე წარმატებით მიუძღვება. გონივრულმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ, სტრუქტურულმა რეფორმებმა და მაღალმა მაკროეკონომიკურმა დისციპლინამ შესაძლებელი გახადა საგარეო შოკების ეფექტიანი გადალახვა და ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება.
პოსტპანდემიურ პერიოდში, კერძოდ, 2021 − 2024 წლებში, ქვეყნის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 9.7% შეადგინა, ხოლო 2024 წელს ის 9.4%-ს გაუტოლდა, რაც საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნად აქცევს. ეკონომიკურ ზრდას ხელს უწყობს როგორც შიდა მოხმარების გაძლიერება, ასევე მომსახურების ექსპორტის ზრდა – მათ შორის, ტურიზმიდან და სატრანსპორტო სექტორიდან მიღებული შემოსავლების მნიშვნელოვანი მატება.
წინასწარი მონაცემებით, 2025 წელიც ძლიერი ეკონომიკური აქტივობით დაიწყო – I კვარტალში საშუალო ზრდამ 9.3% შეადგინა. ამის პარალელურად, შენარჩუნდა დაბალი ინფლაცია, რომელიც 2024 წელს საშუალოდ 1.1%-ის ფარგლებში იყო. ინფლაციის სტაბილურობა, რაც ეფუძნება პროდუქტიულობის ზრდასა და გონივრულ ფისკალურ-ფინანსურ პოლიტიკას, ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ იქცა.
ეკონომიკური დინამიკა პირდაპირ აისახა შრომის ბაზარზე. 2024 წელს უმუშევრობის დონე რეკორდულად – 13.9%-ამდე შემცირდა, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობამ ისტორიულ მაქსიმუმს – 1.4 მილიონს მიაღწია.
2013 წლიდან დღემდე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სამედიცინო სერვისების უზრუნველყოფაზე. მოსახლეობის 95% უკვე მოცულია პროგრამით, ხოლო ზე სახელმწიფო ხარჯები, 2012 წელთან შედარებით, 323%-ით გაიზარდა. ამან მნიშვნელოვნად შეამცირა პაციენტების ფინანსური ტვირთი და ჯიბიდან გადახდების წილი 73%-იდან 41%-ამდე შემცირდა.
მთავრობა აგრძელებს სოციალური დაცვის გაძლიერებას: იზრდება პენსიები ინდექსაციის პრინციპით და 2025 წელს პენსია 35 ლარით გაიზარდა. სახელმწიფოს მხრიდან ასევე გრძელდება მიზნობრივი დახმარება მოწყვლად ჯგუფებზე − მათ შორის, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებსა და ბავშვებზე.
საანგარიშო პერიოდში განხორციელდა რეფორმები განათლების ყველა დონეზე, რაც მიმართული იყო ხელმისაწვდომობის, ხარისხისა და თანასწორობის ამაღლებაზე. სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სისტემებში დაიხვეწა სტანდარტები, გაიზარდა სკოლების ავტონომია და შეფასების მექანიზმები. ეთნიკური უმცირესობებისთვის ფართოდ იქნა დანერგილი ბილინგვური პროგრამები. აქტიურად გაგრძელდა ინფრასტრუქტურული განვითარების პროექტები და ასევე გაიზარდა მასწავლებელთა ანაზღაურება. უმაღლეს სასწავლებლებში დაიგეგმა შედეგებზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელის შექმნა და ხარისხის მართვის სისტემის გაუმჯობესება.
საქართველოს ხელისუფლება აქტიურად აგრძელებდა ძალისხმევას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და დეოკუპაციის უზრუნველსაყოფად, მშვიდობიანი გზით კონფლიქტის მოგვარების მიზნით. საანგარიშო პერიოდში გამოიყენებოდა ყველა შესაძლებელი დიპლომატიური და სამართლებრივი ინსტრუმენტი საერთაშორისო მხარდაჭერის მოსაპოვებლად, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისა და ს ფედერაციის მიერ უკანონო ანექსიის აღკვეთისთვის. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების ხელშეწყობას, ადამიანის უფლებების დაცვას და საოკუპაციო ხაზით გაყოფილი მოსახლეობის შერიგებასა და ნდობის აღდგენას.
მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარების, ინსტიტუციური გაძლიერებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით. ტოტალური თავდაცვის კონცეფციის ფარგლებში, გაძლიერდა ეროვნული მედეგობა, ტერიტორიული თავდაცვისა და წინააღმდეგობის ელემენტების ორგანიზება. გაგრძელდა თავდაცვის სტრატეგიული დოკუმენტების გადახედვა და რისკის მართვის სისტემის დანერგვა. გრძელდება ჯავშანსაწინააღმდეგო, საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო, სადაზვერვო და საინჟინრო შესაძლებლობების გაძლიერება, საჰაერო სივრცის მართვის სისტემების მოდერნიზება და ნატოს სტანდარტების შესაბამისი შეიარაღების დანერგვა. საქართველოს თავდაცვის ძალები აქტიურად მონაწილეობს ნატოს პროგრამებსა და საერთაშორისო სამხედრო წვრთნებში.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი მნიშვნელოვანი შედეგებისა, ეს ანგარიში ასახავს დეტალურ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებულ ძირითად ღონისძიებებსა და ინიციატივებზე, რაც სამთავრობო პროგრამით განსაზღვრულ პრიორიტეტებსა და რეფორმების სტრატეგიულ მიმართულებებს შეესაბამება“,- ნათქვამია სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშში.
www.interpressnews.ge