2024 წელს სურსათის მსოფლიო ფასები კლებას დაიწყებს – Rabobank
რუსეთ-უკრაინის ომით, უამინდობით, ასევე, ენერგომატარებლებსა და საწარმოო რესურსებზე ფასების სამწლიანი რეკორდული ზრდის შემდეგ სურსათის მსოფლიო ფასები 2024 წელს შემცირდება. ამის შესახებ ნიდერლანდების მეორე უმსხვილესი ბანკი, Rabobank ყოველწლიურ ანგარიშში პროგნოზირებს, სახელწოდებით, „სოფლის მეურნეობის სასაქონლო ბაზრების განვითარების პერსპექტივები.“
Rabobank-ის ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ გლობალური ფასები დაიკლებს ძირითად საკვებ პროდუქტებზე, როგორიც არის შაქარი, ყავა, სიმინდი და სოიო. ექსპერტების აზრით, ეს მყიდველებისა და მომხმარებლების ხარჯების შემცირებას გამოიწვევს.
თუმცა ბანკი გამაფრთხილებელ მესიჯსაც იძლევა, რომ ეკონომიკური გამოწვევების, მათ შორის, მაღალი ინფლაციისა და გაზრდილი საპროცენტო განაკვეთების გამო მოთხოვნა კვლავ სუსტი დარჩება. ასევე, Rabobank-ის პროგნოზით, სუსტი გლობალური ეკონომიკური ზრდა 2024 წელს სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე მოთხოვნას შეზღუდავს. გაურკვევლობა დარჩება სხვა ძირითად სასოფლო-სამეურნეო ბაზრებზეც. მაგალითად, ასეთი არის ხორბლის ბაზარი, რომელიც უამინდობისა და შავი ზღვის რეგიონიდან ექსპორტის პოტენციური შეზღუდვის გამო შეფერხებებს განიცდის. ამდენად, Rabobank ხორბლის მსოფლიო ბაზარზე ზედიზედ მეხუთედ მორიგ დეფიციტს პროგნოზირებს.
ბანკის ანალიტიკოსები უკრაინაში მაღალი თესვისა და კანადაში გვალვის დასრულების ფონზე რაფსის გლობალური მიწოდების განახლებას მოელიან. თუმცა პალმის ზეთზე ფასები შესაძლოა, მაღალი დარჩეს El Niño-ს (ელ-ნინიოს) გამო, რომელიც ანომალური, გლობალური კლიმატური მოვლენაა და წარმოადგენს თბილ სეზონურ ზედაპირულ დინებას წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში. ამასთან, მცენარეულ ზეთებზე მოთხოვნა გეომეტრიული პროგრესიით გააგრძელებს ზრდას. წელს ტაილანდსა და ინდოეთში ცუდი მოსავლის გამო შაქრის ფასებმა 12-წლიან მაქსიმუმს მიაღწია, თუმცა Rabobank 2024-25 წლებში ტაილანდში ნორმალურ პირობებს პროგნოზირებს, რამაც შესაძლოა, შაქარზე ფასების შემდგომი შემცირება გამოიწვიოს.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მონაცემებით, ოქტომბერში სურსათის მსოფლიო ფასების ინდექსი, გასული წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, 10,9%-ით, ხოლო სექტემბერთან შედარებით 0,5%-ით შემცირდა. მარცვლეულის ფასების ინდექსი 1%-ით, ხოლო მცენარეულ ზეთებზე 0,7%-ით შემცირდა. თუმცა რძის პროდუქტების ფასების ინდექსი, ცხრათვიანი კლების შემდეგ, 2,2%-ით გაიზარდა. ფასების ინდექსების წლიურმა კლებამ მარცვლეულზე 17,9%, მცენარეულ ზეთებზე 20,7%, რძის პროდუქტებზე კი 20,1% შეადგინა.
bpn.ge