2024 წელს სახელმწიფო კომპანიების ზარალი 527 მილიონ ლარამდე გაიზარდა(bm.ge)

2024 წელს სახელმწიფო კომპანიების ზარალი 527 მილიონ ლარამდე გაიზარდა – ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული “ფისკალური რისკების ანალიზის” დოკუმენტიდან ირკვევა.
ანგარიშის თანახმად, თუკი 2023 წელს სახელმწიფო კომპანიების ჯამური ზარალი 515 მილიონი ლარი იყო, ის 2024 წელს კიდევ 12 მილიონი ლარით გაიზარდა და მთლიანმა ზარალმა 527 მილიონი ლარი შეადგინა.
სახელმწიფო საწარმოების სექტორის ზარალის უმთავრესი მიზეზი რამდენიმე კომპანიაში არსებული მრავალ ასეულმილიონიანი ზარალია. მათ შორის ყველაზე დიდი – 375 მილიონი ლარის ზარალი ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებულ “გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში”იყო. აღნიშნული კომპანია ფინანსურად საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია და წლიდან წლამდე ოპერირებისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან მრავალმილიონიანი სუბსიდიები ესაჭიროება. 2024 წელს კომპანიამ ოპერირების უწყვეტობის შესანარჩუნებლად 153 მილიონი ლარის სუბსიდია მიიღო.
ზარალით მეორე პოზიციაზეა 116 მილიონი ლარით თბილისის სატრანსპორტო კომპანია, რომელიც ასევე ფინანსურად რთულ მდგომარეობაშია და წლიდან წლამდე ოპერირებისთვის თბილისის მერიისგან მსხვილ სუბსიდიებზე არის დამოკიდებული. 2024 წელს თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ თბილისის მერიისგან 309 მილიონი ლარის სუბსიდია მიიღო.
ზარალით მესამე ადგილზეა “საქართველოს მელიორაცია”, რომელმაც 2024 წელს 29 მილიონი ლარით იზარალა. ამავე კომპანიამ გასულ წელს ცენტრალური ბიუჯეტიდან 25 მილიონი ლარის სუბსიდია მიიღო.
რაც შეეხება მოგებიან სახელმწიფო საწარმოებს, 2024 წელს სახელმწიფო კომპანიებს შორის ყველაზე დიდი – 183 მილიონი ლარის მოგება ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კორპორაციასჰქონდა. მეორე პოზიციაზეა სახელმწიფო ელექტროსისტემა 113 მილიონი ლარის წმინდა მოგებით, მესამეზე კი საქართველოს რკინიგზა 68 მილიონი ლარის მოგებით. თუმცა, მთლიანობაში უფრო მეტი სახელმწიფო კომპანია ზარალზე იყო, რის გამოც სახელმწიფო კომპანიების სექტორი გასულ წელს 527-მილიონიან ზარალზე გავიდა.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის, 3 ივნისს პრემიერ-მინისტრმა მ 2022 წელს დაანონსებული სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების პროცესის დაწყება ერთხელ დააანონსა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახელმწიფო საწარმოებში ოპტიმიზაციის შედეგად 700 მლნ ლარზე მეტი დაიზოგა.
bm.ge