2024 წელს საქართველოში 6.8%-იანი ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი, 2025 წელს კი 5% – ეროვნული ბანკი

მოსალოდნელზე ძლიერი ეკონომიკური აქტივობის ფონზე, 2024 წლის რეალური მშპ-ის პროგნოზი საქართველოში 6.8%-მდე გადაიხედა, ხოლო 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კვლავ 5%-ის ფარგლებში ნარჩუნდება, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში წერია.
სებ- ის ინფორმაციით, მიმდინარე პროგნოზი უფრო მაღალია, ვიდრე მანამდე არსებული მოლოდინები, ეს კი ეკონომიკის პოტენციალის ზრდითა და მოსალოდნელზე ძლიერი მთლიანი (როგორც საგარეო, ისე ადგილობრივი) მოთხოვნით აიხსნება.
„ძლიერ ადგილობრივ მოთხოვნას ხელს უწყობს მაღალი საკრედიტო აქტივობა. საკრედიტო აქტივობა დადებითად აისახება როგორც მოხმარებაზე, ისე ინვესტიციებზე. შედეგად, 2024 წლის 6.8%- იან ეკონომიკური ზრდაში მშპ-ის ეს ორივე კომპონენტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.
რისკები, რამაც შესაძლოა არსებული პროგნოზი შეცვალოს, გლობალურად მიმდინარე პროცესების გამო მაღალია.
კერძოდ, საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფასების დინამიკაში შემცირების ტენდენცია მნიშვნელოვნად შენელდა. მიუხედავად იმისა, რომ სასაქონლო ბაზრებზე ფასების დონე პიკთან შედარებით შემცირებულია, საერთაშორისო ფასები პანდემიამდელ მაჩვენებელს კვლავ აღემატება, ნაკლებად სავარაუდოა რომ 2020 წლამდე დონეს დაუბრუნდეს და მოსალოდნელ დინამიკასთან დაკავშირებით გაურკვევლობა ისევ მაღალია“, – ნათქვამია სებ-ის ანგარიშში.

ასევე დაგაინტერესებთ