2024 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდა 4.8%-მდე შემცირდება – მსოფლიო ბანკი

მსოფლიო ბანკმა ანგარიშის – „გლობალური ეკონომიკის პერსპექტივები“ იანვრის გამოშვება გამოაქვეყნა, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოს შესახებ პროგნოზებია მოცემული.
საქართველოსთან მიმართებით მსოფლიო ბანკის პროგნოზების მოკლე მიმოხილვა ასეთია:
2021 და 2022 წლების ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შემდეგ 2023 წელს საქართველოში ზრდა შენელდა, თუმცა მტკიცედაა შენარჩუნებული 6.5 პროცენტის დონეზე. ეს მონაცემი თავდაპირველ პროგნოზთან შედარებით მაღალია, რადგან სამომხმარებლო ხარჯების ზრდამ ტურიზმის აღდგენასთან ერთად ფულადი გზავნილების ნაკადების შემცირება დააბალანსა.
ინფლაცია 2023 წელს მკვეთრად შემცირდა, რაც განპირობებული იყო დაბალი სასაქონლო ფასებით, განსაკუთრებით სურსათსა და საწვავზე, და ასევე ლარის გამყარებით. მოსალოდნელია, რომ ინფლაციის მაჩვენებელი წლის ბოლოსთვის 3 პროცენტიან სამიზნე მაჩვენებელზე დაბალი იქნება.
პროგნოზის მიხედვით, 2024 წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდა 4.8 პროცენტამდე შემცირდება, რაც ასახავს მოსალოდნელ შენელებას სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში, ისევე როგორც ფულადი ნაკადების შემოდინების კლებას. მონეტარული პოლიტიკა სავარაუდოდ გონივრულობის ფარგლებში შემსუბუქდება ეკონომიკური ზრდის მხარდასაჭერად.
მაღალი გაურკვევლობის მიუხედავად, აღნიშნულ პერსპექტივასთან დაკავშირებული რისკები ძირითადად დაბალანსებულია.

ასევე დაგაინტერესებთ

„OTIF-თან აქტიური თანამშრომლობა ხელს უწყობს საქართველოს სარკინიგზო სისტემის სხვა ქვეყნების ინფრასტრუქტურასთან თავსებადობის ხარისხის ამაღლებას“ – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი