2024 წელს საქართველოს რკინიგზის მოგება ₾67.9 მილიონამდე შემცირდა. საქართველოს რკინიგზა 2024 წლის არააუდირებულ კონსოლიდირებულ ფინანსურ შედეგებზე დაყრდნობით მენეჯერულ ანგარიშს Facebook გვერდზე აქვეყნებს.
საქართველოს რკინიგზაში განმარტავენ, რომ წმინდა მოგებაზე მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა საკურსო ცვლილებით გამოწვეულმა ზარალმა (53,8 მლნ ლარი) მოახდინა.
კომპანიას ფინანსური ანგარიში ჯერ არ გამოუქვეყნებია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიის 2023 წლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, წინა წელს კომპანიის წმინდა მოგება, 79%-ით, ანუ 310 მილიონი ლარით 87 მილიონ ლარამდე შემცირდა. იმ დროისთვის, მოგების შემცირება ძირითადად კომპანიის მოგების სტრუქტურის ცვლილებით იყო განპირობებული.
2024 წლის არააუდირებულ კონსოლიდირებულ ფინანსურ შედეგების მიხედვით, კომპანიის შემოსავალი 5%-ით გაიზარდა და 656,9 მლნ ლარი შეადგინა. საქართველოს რკინიგზის მოგებამ კი საპროცენტო და ცვეთის ხარჯებამდე (EBITDA) 31%-ით მოიმატა და 221,1 მლნ ლარი შეადგინა.
„საქართველოს რკინიგზა ლიკვიდურობის მაჩვენებლების გაუმჯობესებასაც განაგრძობს.
2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ორგანიზაციის ბალანსზე არსებული ფულადი სახსრები 318,3 მლნ ლარს შეადგენდა, რაც 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 34,8 მლნ ლარით აღემატება“, – აღნიშნულია კომპანიის გავრცელებულ ინფორმაციაში.
