“2024 წელს საბორნე გადაზიდვებში 64%-იანი ზრდა გვქონდა” – APM Terminals

2024 წელი გადაზიდვების სექტორმა ზრდით დაასრულა. საქსტატის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ზრდა ჰქონდათ როგორც საჰაერო, ისე სარკინიგზო და საზღვაო გადამზიდავებს.
საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა გასულ წელს 15 მილიონ 562 ათას ტონაზე მეტი ტვირთი გადაამუშავეს, რაც 5.8 პროცენტით მეტია 2023 წლის მაჩვენებელზე. გადამუშავებული ტვირთის 45.7% გენერალური ტვირთი იყო. სტატისტიკაში ჩანს, რომ 2022 წლიდან მოყოლებული ნაყარი ტვირთები მცირდება, გენერალურ ტვირთებში კი პირიქით ზრდაა.
ს საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციული დირექტორის განცხადებით, მათ შემთხვევაში გასულ წელს ზრდა მხოლოდ საავტომობილო საბორნე მიმართულებით დაფიქსირდა. ზვიად ჩხარტიშვილის თქმით, 2024 წლის კლება 2023 წელს მოსალოდნელზე მაღალი ზრდით იყო გამოწვეული, ბოლო 10 წლიან ჭრილში კი ნავსადგურის მიერ გადამუშავებული ტვირთის მოცულობა მზარდია.
“საკმაოდ საინტერესო წელი გვქონდა. 2022 წელთან შედარებით 2023 წელს გვქონდა არაპროგნოზირებადი ზრდა, რომელსაც საკმაოდ კარგად გავუმკლავდით. 2024 წელს ზრდა გვაქვს საბორნე მიმოსვლის ნაწილში. ეს არის საავტომობილო საბორნე მიმოსვლა, რომელიც წარმოადგენს საქართველო ევროპის დამაკავშირებელ პირდაპირ საბორნე მიმოსვლას, სადაც ჩვენ 64%-იანი ზრდა გვქონდა 2023 წელთან შედარებით. რაც შეეხება კონტეინერების დამუშავების მაჩვენებელს, გვაქვს 7,85%-იანი კლება 2023 წელთან შედარებით. გენერალურ ტვირთებშიც მცირეოდენი კლება გვქონდა დაახლოებით 19%-მდე, აგრეთვე იყო მანქანის დამუშავების მაჩვენებელში 8%-მდე კლება.
პირდაპირ რიცხვებს თუ შევადარებთ კლება გვაქვს, მაგრამ ამას ჩვენ კლებას ვერ დავარქმევთ, რადგან 10 წლის ჭრილში რომ გადავხედოთ, მუდმივად სტაბილური ზრდა გვქონდა. ამიტომ შედარებისთვის უნდა ავიღოთ 2021-2022 წლის მაჩვენებლები. 2022 წელთან შედარებით ჩვენ კვლავ ზრდა გვაქვს. 2025 წლის პირველი 2 თვეც საკმაოდ ნორმალურად წავიდა. ზრდა არის პროგნოზირებად ზრდას თუ ავიღებთ და არა 2023 წელს, რა დროსაც 66%-იანი ზრდა გვქონდა კონტეინერების დამუშავების ნაწილში. ამას ჩვენ ვერ ჩავთვლით ნორმალურ მაჩვენებლად”,-აცხადებს ზვიად ჩხარტიშვილი.