2024 წელს მსოფლიოში 92.5 მლნ ავტომობილი დამზადდა – რომელია ლიდერი ქვეყანა და უმსხვილესი ავტომწარმოებელი საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით

ავტომობილების მსოფლიო წარმოებამ 2024 წელს 92.5 მლნ ერთეული შეადგინა, რაც, 2023 წელთან შედარებით, 1%-ით ნაკლებია.
ამის შესახებ ავტომწარმოებელთა მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებში წერია.
ამ რაოდენობაში ყველაზე დიდი წილი მსუბუქ ავტომობილებს უკავია, რომლის წარმოებამაც 67.7 მლნ ერთეული შეადგინა. ეს, 2023 წელთან შედარებით, 1%-ით ნაკლებია.
ასევე, 2024 წელს მსუბუქი კომერციული ავტომობილების 20.9 მლნ ერთეული (-3%), დიდი სატვირთო მანქანების 3.6 მლნ ერთეული (-2%) და 291 ათასი ერთეული ავტობუსი (+17%) აწარმოვეს.
ჩინეთი მსოფლიოს უმსხვილეს ავტომწარმოებლად რჩება, სადაც წელიწადში, დაახლოებით, 31.3 მლნ ერთეულის ავტოტრანსპორტი დამზადდა, რაც 2023 წელთან შედარებით 4%-ით მეტია.
მეორე ადგილზე 10.5 მლნ ერთეულით -ია, სადაც 2023 წელთან შედარებით, 1%-ით ნაკლები ავტომობილი გამოუშვეს.
მესამეზე 8.2 მლნ ერთეულით იაპონიაა, რაც 2023 წელზე 9%-ით ნაკლებია.
ხუთეულში, ასევე, 6 მლნ ერთეულით (+3%) ინდოეთი და 4.2 მლნ ერთეულით (+5%) მექსიკა მოხვდნენ.
ავტოინდუსტრია დიდი ხანია, გლობალური ეკონომიკის მნიშვნელოვან ქვაკუთხედად ითვლება. სექტორი ტექნოლოგიური განვითარების, გარემოსდაცვითი გამოწვევებისა და მომხმარებელთა ქცევის ცვლილების ფონზე უწყვეტად ვითარდება. ამასთან, ბოლო წლებში, ლიდერი პოზიციის მოპოვებისთვის კომპანიებს შორის წამოწყებული რბოლა, ინდუსტრიის ჯანსაღ კონკურენტულ გარემოზე მიუთითებს: ელექტრომობილების აღზევებასთან ერთად, ტრადიციულ ავტოგიგანტებს ახალ კომპანიებთან უწევთ შეჭიდება.
სექტორის განვითარება გამოწვევების გარეშე წარმოუდგენელია. დღეს ავტომწარმოებლები არაერთ დაბრკოლებას აწყდებიან, იქნება ეს მუდამ განახლებადი რეგულაციები, გეოპოლიტიკური მოვლენები, რომლებიც მიწოდების ჯაჭვის შეფერხებას იწვევს, თუ სხვა ფაქტორები. ასეთ დროს ავტომწარმოებელთა საბაზრო კაპიტალიზაცია ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია, რომელიც კომპანიებისთვის ფინანსურ სიჯანსაღესა და სამომავლო პერსპექტივებს განსაზღვრავს.
დღეს მსოფლიოს მასშტაბით 100-მდე ავტომწარმოებელი კომპანიაა რეგისტრირებული, რომელთა ჯამური საბაზრო კაპიტალიზაცია 2.3 ტრილიონ დოლარს აღემატება. ინდუსტრიის ლიდერი კომპანიები მოწინავე პოზიციებს ნოვატორული მიდგომებით ინარჩუნებენ, 2025 წელს კი 10 უმსხვილესი ავტომწარმოებლის რეიტინგი და ღირებულება ასე გამოიყურება:
10. General Motors
მეათე ადგილს $49.19 მილიარდ დოლარიანი კაპიტალიზაციით ამერიკული General Motors-ი იკავებს. კომპანიაში შემავალ ბრენდებს შორის საზოგადოებისთვის ყველაზე ნაცნობი Chevrolet, Cadillac, GMC და Buick არიან. ეს უკანასკნელი კი General Motors-ის პირველი ბრენდი იყო, რომლითაც კომპანიამ ოპერირება 1908 წელს, ეტლების წარმოებით დაიწყო. დღეს General Motors-ი ავტომობილებს რვა ქვეყანაში აწარმოებს.

9. Porsche
მეცხრე ადგილზე Porsche ხვდება, რომლის საბაზრო ღირებულებაც $50 მილიარდ დოლარს აღემატება. გერმანული კომპანია ფუფუნების სეგმენტში თავისი პრესტიჟული სპორტული მანქანებითა და მაღალი გამავლობის SUV-ის ტიპის ავტომობილებითაა ცნობილი. Porsche-ს, როგორც კომპანიას, საფუძველი 1930-იანი წლებიდან ჩაეყარა, დღეს კი მწარმოებლის ორი მთავარი ქარხანა გერმანიაში მდებარეობს.

8. BMW
BMW რეიტინგში მერვე ადგილს $53.54 მილიარდიანი კაპიტალიზაციით იკავებს. ფუფუნების სეგმენტში ასევე განთქმული ავტომწარმოებელი როგორც მსუბუქი ავტომობილებით, ასევე მოტოტრანსპორტით გამოირჩევა. კომპანია 1916 წელს ბავარიაში დაფუძნდა, დღეს კი BMW ავტომობილებს, გერმანიასთან ერთად, დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, ბრაზილიაში, მექსიკაში, სამხრეთ აფრიკაში, ინდოეთსა და ჩინეთში აწარმოებს.

7. VolksWagen
კიდევ ერთი გერმანული კომპანია, რომელიც უმსხვილეს ავტომწარმოებლებს შორის მეშვიდე ადგილზეა, Volkswagen-ია, რომელიც ბევრისთვის დღემდე “ხოჭოს” იგივე Beetle-ის სერიასთან ასოცირდება მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ამ მოდელს 2019 წლიდან აღარ აწარმოებს. VolksWagen-ის ისტორია 1937 წელს, გერმანიაში დაიწყო, სადაც კომპანია ავტომობილებს დღემდე აწარმოებს.

6. Mercedes-Benz
“ლაქშერი” სეგმენტის კიდევ ერთი გამორჩეული ავტომწარმოებელი, Mercedes Benz, $61 მილიარდ დოლარიანი კაპიტალიზაციით მეექვსე ადგილზეა. კომპანია ცნობილი თავისი მსუბუქი კომერციული ავტომობილებითა და პრემიუმ წარმოებითაა. მომდევნო წელს Mercedes Benz-ის ბრენდს 100 წელი უსრულდება. საუკუნოვანი ისტორია საწარმომ გერმანიაში დაიწყო, დღეს კი გლობალური კომპანია ევროპის, აზიისა და ამერიკის კონტინენტებზე ფლობს საწარმოებს.

5. Ferrari
მდიდრული სპორტული ავტომობილების უპირობო ლიდერი, Ferrari რეიტინგში მეხუთე ადგილს იკავებს. იტალიური ბრენდის იმიჯი სარბოლო მემკვიდრეობის, ფუფუნებისა და ექსკლუზიურობის კომპონენტებზეა აგებული და, მოდელების მრავალფეროვანი არჩევანით, ავტომოყვარულთა ფავორიტებში ხშირად ხვდება. ადრეულ, 1950-60-იან წლებში წარმოებული Ferrari-ის ზოგიერთი მოდელი აუქციონებზე ყველაზე ძვირად შეფასებულ ავტომობილებად დღემდე ითვლება.

4. BYD
ათეულში პირველი ჩინური ავტომწარმოებელი BYD-ია, რომელიც ელექტრომობილების სეგმენტში მზარდი პოპულარობით სარგებლობს. კომპანიის კაპიტალიზაცია $155 მილიარდს აღემატება. BYD-ის გაყიდვებმა სწრაფი ტემპით ზრდა განსაკუთრებით 2021 წლიდან დაიწყო, როდესაც კომპანიამ ელექტრომობილები გასაყიდად ჩინეთიდან საერთაშორისო ბაზარზე, ძირითადად, ევროპაში, სამხრეთ აზიასა და ამერიკაში გადმოიტანა.

3. Xiaomi
რეიტინგის სამეულს მოულოდნელი დასახელებით ვხსნით – $182მილიარდიანი კაპიტალიზაციით ამ პოზიციას ჩინური Xiaomi იკავებს, რომელსაც საზოგადოება არა ავტო, არამედ სმარტფონების მწარმოებლად იცნობს. ბუნებრივია, კომპანიის ღირებულების დიდი წილიც სწორედ ამ კატეგორიით განისაზღვრება. Xiaomi-ის ელექტრომობილების საწარმო პეკინში 2021 წელს გაიხსნა, გასულ წელს კი კომპანიამ პირველი მოდელი – SU7 წარადგინა.

2. Toyota
მეორე ადგილს იაპონური გიგანტი Toyota იკავებს, რომელიც ბირჟაზე $254 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. Toyota მსოფლიოს მასშტაბით 27 ქვეყანაში მოქმედ ქარხნებში, წლიურად საშუალოდ 10 მილიონ ავტომობილს აწარმოებს. კომპანიამ გლობალურ ბაზარზე ხარისხის, გამძლეობისა და ღირებულების უმაღლესი სტანდარტი დაამკვიდრა, რის გამოც დღეს ის ინდუსტრიის ერთ-ერთი უპირობო ლიდერია.

1. Tesla
დღესდღეობით უმსხვილესი ავტომწარმოებელი, რომლის კაპიტალიზაციაც Toyota-სას თითქმის 3-ჯერ აღემატება, ამერიკული Tesla-ა. კომპანია ელექტრომობილების ინდუსტრიაში ნამდვილი პიონერია და ის პოპულარული თავისი ინოვაციური ტექნოლოგიითა და ფუტურისტული დიზაინებით გახდა. ელექტრომობილების კონკურენტულ ბაზარზე Tesla-ს ავტოპილოტის სისტემა გამოარჩევს, ისევე როგორც პოტენციალი და ხედვა, რომლის განვითარების შემთხვევაშიც ბრენდი მსოფლიოს სრულად თვითმართვად ავტომობილებს შესთავაზებს.
წყარო: bpn.ge bm.ge