2024 წელს, წინა წელთან შედარებით, მომართვიანობა 30%-ით შემცირდა, – ამის შესახებ ტურიზმისა და სასტუმროს მართვის აკადემიის დამფუძნებელმა ნატალი სოხაძემ “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა.
მისივე შეფასებით, ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე სწავლა მეორეხარისხოვანი გახდა.
“ტურიზმისა და სასტუმროს მართვის აკადემია 9 წელია რაც ბაზარზეა. ჩვენს კურსდამთავრებულებს ვასაქმებთ სასტუმროს სხვადასხვა დეპარტამენტში სხვადასხვა პოზიციაზე. აკადემიის მიზანი მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და დასაქმების ხელშეწყობაა. ჩვენ გვყავს არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები, არამედ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები, რომლებიც საქართველოში ხსნიან სასტუმროებს. სწავლის პროცესში ჩართვა დაინტერესებულ პირებს ონლაინაც შეუძლიათ. ჩვენ გვყავდა მომხმარებლები ირლანდიიდან, კანადიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან და თურქეთიდანაც.
ჩვენს აკადემიაში საერთაშორისო ბრენდიდან მოწვეული ტრენერები და პრაქტიკოსები ასწავლიან, რომელთაც აღნიშნულ სფეროში მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება აქვთ. გვაქვს რამდენი სასწავლო კურსი, მათ შორის: კვების და სასმელების მენეჯმენტი, გაყიდვების, ღონისძიებების მართვა, თანამედროვე მენეჯმენტი, “ქოუჩინგი” და ასევე, სტუმრის ამოცნობის ფსიქოტიპები და ტექნიკები. გარდა ამისა, ვასწავლით სხვადასხვა პლატფორმაზე ინფორმაციის სწორად განთავსებას.
დაინტერესება ყოველწლიურად იზრდებოდა, თუმცა, მოთხოვნა 2024 წელს დაახლოებით 30%-ით შემცირდ. აღნიშნულის მიზეზი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებია. რამდენიმე ჩვენი კონკურენტი სასწავლო დაწესებულება საერთოდ გაჩერდა. ჩვენ ისევ გვაქვს მიღება ამ ეტაპზე, მაგრამ თუმცა ისეთი აქტივობა აღარ არის”, – აცხადებს ნატალი სოხაძე.
რაც შეეხება 2025 წლის მოლოდინებს – როგორც აკადემიის დამფუძნებელი აღნიშნავს, ყველაფერი პოლიტიკურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული.
“თუ დაწყნარდება ყველაფერი, ადამიანები გარეთ აღარ იდგებიან და ისევ დაიწყებენ განვითარებაზე ფიქრს, მაშინ პოზიტიური მომავლის იმედი გვაქვს. ხალხი წამოსულია სამსახურიდან, ზოგი გამოუშვეს და სწავლა მეორე ხარისხოვანი გახდა. იმედს არ ვკარგავთ, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება”, – აცხადებს ნატალი სოხაძე.
bp.ge