2024 წელს, კომპანიის გაყიდვები წინა წელთან შედარებით, დააახლოებით, 50%-ით გაიზარდა, – ამის შესახებ აღმასრულებელმა დირექტორმა დიმიტრი წვერავამ “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნული ზრდის ერთ-ერთი მიზეზი პროდუქციის წარმადობის ზრდა გახდა.
“ზოგადად, 2024 წელს დადებითად შევაფასებ. საერთაშორისო ბაზარზე თევზი გაძვირებული იყო და უფრო მეტი ამბიცია გვქონდა. ქარხანაში გადაიარაღება გვქონდა, ახალი დანადგარები შევიძინეთ, რამაც საშუალება მოგვცა წარმადობა დაახლოებით, 50%-ით გაგვეზარდა.
მიმდინარე წელს ასევე, დავიწყეთ ახალი პროდუქტის – ორაგულის ჩიფსების წარმოება, რომელიც ლუდის მაღაზიებში სექტემბრიდან იყიდება. აღნიშნული პროდუქტის მიმართ ინტერესს უფრო მეტად ზაფხულის სეზონზე დავინახავთ. ორაგულის თევზის ჩიფსები 50-100 – გრამიან შეფუთვებში იყიდება, რომლის ღირებულება დაახლოებით, 4 ლარია”, – აცხადებს დიმიტრი წვერავა.
როგორც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს, ამ ეტაპზე “უმალი” 50-მდე დასახელების პროდუქტს, მათ შორის ხიზილალას აწარმოებს. ძირითადი პროდუქტებია სკუმბრია, ქაშაყი, ქაშაყის ფილე, მოივა და სხვა.
“უმალი” ქართულ ბაზარზე 2017 წლის ივლისიდან ოპერირებს. კომპანია თევზპროდუქტებით საქართველოს მთელ ტერიტორიას ამარაგებს. საწარმო ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისში მდებარეობს და მასში ამ დროისთვის 90 ადამიანია დასაქმებული.