2024 წელს კაპიტალური ხარჯების მოცულობა 7 მილიარდ 800 მილიონ ლარს გადააჭარბებს, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
მან ყურადღება გაამახვილა იმ ძირითად მიმართულებებზე, რომლებსაც 2024 წლის საბიუჯეტო ცვლილებებით ზრდა შეეხო.
• მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერისა და ჯანდაცვის პროგრამებზე მიმართული თანხები 2021 წელთან შედარებით გაზრდილია 2 მილიარდ 800 მილიონ ლარზე მეტით, რაც ჯამურად გაზრდილი ბიუჯეტის 35%-ია;
• 3-წლიან პერიოდში, გაზრდილი დაფინანსების პირობებში შესაძლებელი გახდა პენსიების და სხვა სოციალური გასაცემლების მნიშვნელოვანი ზრდა, კერძოდ:
– 70 წლამდე პენსიონერთა პენსიის მატებამ 75 ლარი, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 90 ლარი შეადგინა;
– 70 და მაღალი ასაკის პირთა პენსიის მატებამ 140 ლარი, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 168 ლარი შეადგინა;
– დაფინანსდა 65 ათასზე მეტით გაზრდილი ბენეფიციართა რაოდენობა;
– 40%-ზე მეტად გაიზარდა ყოფილი ჯარისკაცებისა და პოლიციელების კომპენსაციები, ხოლო კომპენსაციის ზედა ზღვარი 560 ლარიდან გაიზარდა 1000 ლარამდე;
– პენსიების ზრდის შესაბამისად, გაიზარდა სხვადასხვა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური გასაცემლები;
– დახმარების მიმღებ 16 წლამდე ბავშვთა სოციალური სარეიტინგო ქულა 100 ათასიდან გაიზარდა 120 ათასამდე, ხოლო უშუალოდ ბავშვის ყოველთვიური დახმარების მოცულობა გაოთხმაგდა და თვეში 200 ლარს შეადგენს;
– ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება (კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული ხარჯების გარეშე) გაზრდილია 800 მილიონ ლარზე მეტით.
ლაშა ხუციშვილის განცხადებით, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით დაფინანსება გაიზარდა 1 მილიარდ 200 მილიონ ლარზე მეტით, რაც ჯამურად, გაზრდილი ბიუჯეტის 15%-ია. გაზრდილი დაფინანსებიდან 600 მილიონ ლარზე მეტი მიიმართა ჯარისკაცებისა და პოლიციელების სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე, კერძოდ, მათი ხელფასების ზრდა ბოლო 3 წლიან პერიოდში განხორციელდა 45%-ით. გარდა ჯარისკაცებისა და პოლიციელებისა, 2021 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, მთლიანად საჯარო სექტორში დასაქმებულთათვის დაიწყო ხელფასების მოწესრიგება. ბოლო 3 წლიან პერიოდში საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასი 30%-ზე მეტით გაიზარდა, რაზედაც მიიმართა 600 მილიონ ლარამდე (ჯამურად, გაზრდილი ბიუჯეტის 7,5%).
მისი თქმით, განათლების და მეცნიერების მიმართულებით (საბავშვო ბაღების დაფინანსების ჩათვლით), დაფინანსება გაზრდილია 1 მილიარდ 450 მილიონ ლარზე მეტით (ჯამურად გაზრდილი ბიუჯეტის 18%) და 2024 წელს ამ სფეროს დაფინანსება 3 მილიარდ 300 მილიონ ლარს გადააჭარბებს (ზრდა 70%-ზე მეტით). გაზრდილი დაფინანსების ფარგლებში, შესაძლებელი გახდა საჯარო სკოლების მასწავლებელთა საშუალო ხელფასის ზრდა 700-800 ლარის ფარგლებში, ხოლო საბავშვო ბაღების პერსონალის საშუალო ხელფასის 300 ლარით ზრდა.
ლაშა ხუციშვილმა, ასევე, ისაუბრა ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაზე, რომელიც წელს 7 მილიარდ 800 მილიონ ლარს გადააჭარბებს. გაზრდილი დაფინანსების ფარგლებში, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციასთან ერთად, მნიშვნელოვნად გაიზარდა წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტების დაფინანსება. საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილში მიმართული თანხებით შესაძლებელი გახდა მიმდინარე წელს, რიკოთის უღელტეხილის უდიდესი ნაწილის დასრულება, ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის დასრულება, კახეთის მიმართულებით ახალი მაგისტრალის ნაწილის დასრულება და სხვა.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს