2024 წელს ირანში სიკვდილით დასჯის შემთხვევების მატება გაეროს აღშფოთებას იწვევს

ირანმა 2024 წელს სიკვდილით დასაჯა, სულ მცირე, 901 ადამიანი, მათ შორის 31 ქალი, რომელთა ნაწილიც დამნაშავედ ცნეს თავიანთი ქმრების მკვლელობაში, გაუპატიურების ან ოჯახში ძალადობის სხვა შემთხვევების მოგერიებისას. ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ცხრა წლის განმავლობაში, რასაც აღშფოთებით შეხვდა გაერო.
სიკვდილით დასჯის შემთხვევებიდან დაახლოებით 40 მოდის მხოლოდ გასული წლის დეკემბრის ბოლო კვირაზე, ამბობს ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისარი 7 იანვარს გავრცელებულ ანგარიშში.
“ირანში გასულ წელს სიკვდილით დასჯილი ადამიანების რიცხვის ზრდა ძალიან შემაშფოთებელია”, – აღნიშნავს უმაღლესი კომისარი ვოლკერ ტურკი და დასძენს, რომ 2023 წლის საერთო მაჩვენებელი იყო 853 ადამიანი.
გაეროს განცხადებით, სიკვდილით დასჯის შემთხვევების უმრავლესობა მიემართება ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულებს. სიკვდილით დასაჯეს დისიდენტები და მოქალაქეები, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ 2022 წელს მიმდინარე საპროტესტო აქციებთან.
ირანში პროტესტმა იფეთქა 2022 წელს, ახალგაზრდა ქალის, მაჰსა ამინის პოლიციაში სიკვდილის შემდეგ – იუწყებოდნენ, რომ ამინი დააკავეს ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის.
აქციების დროს ქალები და გოგოები თავსაბურავებს იხსნიდნენ და დემონსტრაციულად წვავდნენ.
ხელისუფლებამ სასტიკი რეპრესიები განახორციელა დემონსტრანტების წინააღმდეგ, დახოცა ასობით პირი, დააპატიმრა ათასობით მოქალაქე.
თავის ანგარიშში ტურკი თეირანს მოუწოდებს, შეაჩეროს ყველა სამომავლო სიკვდილით დასჯა.
“ეს შეუთავსებელია სიცოცხლის ფუნდამენტურ უფლებასთან და აჩენს უდანაშაულო ხალხის სიკვდილით დასჯის მიუღებელ შესაძლებლობას”, – წერს გაეროს უმაღლესი კომისარი.

ასევე დაგაინტერესებთ