საქართველოდან უალკოჰოლო გაზიანი სასმელების ექსპორტი მზარდია. წელს 2 თვეში საექსპორტო ბაზრებზე 18.2 მლნ დოლარის სასმელები გავიდა, 29%-ით მეტი ვიდრე შარშან. მთლიანობაში გასულ წელს საექსპორტო ბაზრებზე 139 მლნ დოლარის სასმელები გავიდა, რაც 27%-იან ზრდას აჩვენებს.
მთლიანობაში ექსპორტზე 150 მლნ ლიტრი უალკოჰოლო სასმელები გაიყიდა, რითაც მას აგროსასურსათო პროდუქციის საექსპორტო კალათაში მე-4 ადგილი უჭირავს და ჯამში 8%-იან წილს იკავებს.
“ეფეს საქართველოს” კორპორაციულ საქმეთა დირექტორი “საქმის კურსთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ 2024 წელს ექსპორტირებული გაზიანი სასმელების 40% მათი კომპანიის ექსპორტია. კერძოდ, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილის თქმით, გასულ წელს “ნატახტარმა” 60 მილიონ ლიტრზე მეტი გაზიანი, გამაგრილებელი სასმელი გაყიდა საექსპორტო ბაზრებზე.
“2024 წელს 150 მლნ ლიტრის გაზიანი, გამაგრილებელი სასმელების ექსპორტი განხორციელდა. აქედან 40%, ანუ 60 მილიონ ლიტრზე მეტი არის “ეფეს საქართველოს” ექსპორტი დაახლოებით 25 ქვეყანაში. ბოლო 5 წელში დაახლოებით 250 მილიონი ლიტრის ექსპორტი განვახორციელეთ, ერთეულებში რომ წარმოვიდგინოთ, ეს არის დაახლოებით 450 მილიონი ერთეული. გაცილებით მეტს ვყიდით ექსპორტზე, ვიდრე ადგილობრივ ბაზარს ვაკმაყოფილებთ. ეს არის ძალიან კარგი საექსპორტო საქონელი და მას უფრო დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ. ტენდენცია მზარდია და წელსაც ანალოგიურად ვიგეგმებით. 2024 წელს 2023 წელთან შედარებით ორნიშნა ზრდა გვქონდა კომპანიას, ინდუსტრია კი 27%-ით გაიზარდა”,- ცხადებს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.
რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, მისი თქმით, საქართველოს ბაზარიც დინამიკურად ვითარდება, თუმცა ზრდა საექსპორტო ბაზრებთან შედარებით ნაკლებია.
“საქართველოს ბაზარი დინამიკურად ვითარდება, არ არის ისეთი ზრდა როგორც საექსპორტო ბაზრებზე, თუმცა 2-3%-იანი ზრდაა მეტ ნაკლებად, რაც საკმარისია, რომ ეს ინდუსტრია იყოს ფუნქციური და წვლილი შეიტანოს ეკონომიკაში”,- განაცხადა “საქმის კურსთან” ინტერვიუში ხუნძაკიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, უალკოჰოლო სასმელების საექსპორტო ფასი 20%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით და ლიტრზე 93 ცენტი შეადგინა. მთავარი საექსპორტო ბაზარი კი რუსეთია, რომელზედაც ექსპორტის – 44% მოდის, აზერბაიჯანში პროდუქციის 16% გაიყიდა, ყაზახეთს კი საექსპორტო ბაზრებს შორის 12%-იანი წილი უჭირავს.
