2024 წელს „ელემენტ ჰოლდინგის“ კიდევ რამდენიმე შვილობილი კომპანია გავა უზბეკეთში, – ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას “ელემენტ ჰოლდინგის“ გენერალურმა დირექტორმა ზაქრო ებელაშვილმა განაცრდა.
,,ელემენტ ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია, ,,ოლ-პი ჯგუფი“ უზბეკეთის ბაზარზე პირველად წელს გავიდა. ,,ოლ-პი უზბეკეთი“ ადგილობრივ კომპანიასთან ,,ბელტერა ჰოლდინგი“ პარტნიორობით დაფუძნდა.
„ბელტერა ჰოლდინგის“ წარმომადგენელმა ბაბურ გულიამოვმა BMTGV-ის ეთერში რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ მათი მხრიდან „ოლ-პი ჯგუფი“ საერთაშორისო სამშენებლო სექტორის საფუძვლიანი ცოდნითა და გამოცდილებით შეირჩა: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი ექსპერტული ხედვები და მიდგომები უზბეკეთის ბაზარზე დავნერგოთ“, – აცხადებდა „ბელტერა ჰოლდინგის“ წარმომადგენელი.
რატომ უზბეკეთის ბაზარი, რაშია ამ ბაზრის მთავარი მიმზიდველობა? – წამყვანის ამ კითხვის პასუხად ზაქრო ებელაშვილმა განაცხადა, რომ უზბეკეთი საკმაოდ დიდი და აუთვისებელი ბაზარია. მათი ძირითადი ორიენტირი კი კერძო სექტორთან თანამშრომლობაა.
„საკმაოდ რთული პროცესია უცხოურ ბაზარზე შესვლა და დიდ რისკებთანაც არის დაკავშირებული. თუმცა 16-წლიანი ექსპერტიზა, რომელიც ,,ოლ-პი ჯგუფში“ დაგროვდა ვფიქრობდით, ეს სერვისი და ექსპერტიზა საჭირო იყო, გვეცადა უცხოურ ბაზარზე როგორ იმუშავებდა. პირველი ჩვენი მცდელობა იყო უზბეკეთის ბაზარი, რადგან ის საკმაოდ დიდი ბაზარია და ჯერ-ჯერობით აუთვისებელია.
მოგვიწია, ჩვენი ექსპერტები უზბეკეთში გადაგვესროლა, იქ დაგვეტრენინგებინა სამუშაო ძალა და ამაზე გარკვეული გამოწვევები გვქონდა საქართველოში, თუმცა დღეს ყველაფერი კარგად გვაქვს. 2024 წელს კიდევ რამდენიმე ჩვენი შვილობილი კომპანია გავა უზბეკეთში და იქ გააგრძელებს პარალელურ პოზიციონირებას”, – განაცხადა მან და დასძინა, რომ სხვა ბაზრებს ჯერ-ჯერობით არ განიხილავენ.
ზაქრო ებელაშვილის თქმით, დღეის მდგომარეობით უზბეკეთში არსებული მათი პროექტების ჯამური ღირებულება 5 მილიონ დოლარამდეა: „ეს ზღვაში წვეთია, მაგრამ წელს პირველი წელია და იქ რეპუტაცია უნდა შეიქმნათ, წარმატებული პროექტების მაგალითები და შემდეგ ჩვენი განვითარების ტემპი უფრო აჩქარდება“, – განაცხადა მან.
ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ „ელემენტ ჰოლდინგის” ისტორია 2007 წლიდან იწყება და დღეისათვის სამშენებლო სექტორის 10 შვილობილ კომპანიას აერთიანებს.