2024 წელს, ევროპული ქვეყნებიდან საწვავის იმპორტი გაიზარდა, ძირითადი მომწოდებლები ბულგარეთი და რუმინეთი არიან – GCCA

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) ბაზრის მონიტორინგის 2024 წლის შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშიდან ირკვევა, რომ ძირითადი ტენდენცია 2024 წელს, გასულ წლებთან შედარებით არ შეცვლილა. იმპორტის მხრივ, წამყვანი კვლავ ხუთი მსხვილი კომპანიაა, რომლებზეც ბაზრის იმპორტის დონის 65-70%-იანი წილი მოდის.
ბენზინისა და დიზელის ბაზარი ზომიერად კონცენტრირებულია, ბაზარზე არ ფიქსირდება დომინანტი ეკონომიკური აგენტი და ადგილი არ აქვს ჯგუფურ დომინანტობას.
2024 წელს, საიმპორტო ბაზრის უდიდესი წილი კვლავ რუსეთზე მოდის, თუმცა, შეინიშნება ევროპული ქვეყნებიდან იმპორტის ზრდა.
„მიმდინარე მონიტორინგის ფარგლებში, სააგენტომ 2024 წლის წლიური ანგარიში გამოაქვეყნა. სააგენტო საავტომობილო საწვავის ბაზარს განიხილავს როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის ბაზარს, იქიდან გამომდინარე, რომ ერთ-ერთი უმსხვილესი საიმპორტო ჯგუფია და ამავდროულად მას პირდაპირი / არაპირდაპირი გავლენა გააჩნია პრაქტიკულად ნებისმიერ ბიზნესს პროცესზე, ლოგისტიკურ ჯაჭვზე. ძირითადი ტენდენციები 2024 წელს, წინა წლებთან შედარებით ბაზარზე არ შეცვლილა. ეს პირველ რიგში შეეხება ბაზრის იმპორტის დონეს, სადაც წამყვანი ისევ ყველასთვის ნაცნობი 5 მსხვილი კომპანიაა, რომლებსაც 65-70%-იანი წილი აქვთ ბაზარზე. ბაზრის საცალო დონეზეც 65%-მდე წილი აქვთ მსხვილ კომპანიებს.
კონკურენციის შეფასების ზოგადი პარამეტრების კუთხით, რაც გამოიხატება კონცენტრაციის ინდექსში, საბაზრო წილებში და ა.შ. ბაზარი აკმაყოფილებს კონკურენტული ბაზრის ზოგად პარამეტრებს. ბაზრის იმპორტის დონეზ დაბალკონცენტრირებული, ხოლო საცალო დონე ზომიერად კონცენტრირებული. ბაზარზე არ ფიქსირდება დომინანტი კომპანია. იშვიათი გამონაკლისის გარდა, კომპანიები ცდილობენ საწვავი იქ შეიძინონ, სადაც იაფია. რა თქმა უნდა, ხარისხსაც მნიშვნელობა აქვს, რადგან საქართველოში „ევრო 5“-ის სტანდარტი მოქმედებს.
2023 წლის თვის საიმპორტო ბაზრის უდიდესი ნაწილი რუსეთზე მოდიოდა. ეს ტენდენცია 2024 წელსაც შენარჩუნდა, თუმცა სახეზეა კლების ტენდენცია, რაც სავარაუდოდ ს მიერ დაწესებულ საექსპორტო შეზღუდვებს უკავშირდება. თუმცა, ამავდროულად, გაზრდილია იმპორტი ევროპული ქვეყნებიდან, ძირითადად ბულგარეთიდან და რუმინეთიდან – აღნიშნა GCCA-ის სტრატეგიული ბაზრების მონიტორინგის უფროსმა, გიორგი ქედელიძემ რადიო „კომერსანტის“ ეთერში.
ქედელიძის განმარტებით, მთავარი მიზეზი, რის გამოც ნავთობის ფასი ქართულ ბაზარზე მყისიერად არ მცირდება, ნავთობგადასამუშავებელი ქარხნების არარსებობაა. ამის მიუხედავად, კონკურენციის სააგენტომ დაადგინა, რომ ეროვნული ვალუტის სტაბილურობის პირობებში, 2024 წლის კონკრეტულ პერიოდში, საცალო ფასწარმოქმნა გლობალურ ბაზართან თანხვედრაში არ იყო – საწვავზე ფასის შემცირება მხოლოდ 23 ოქტომბერს დაიწყო, როცა ეს უფრო ადრე უნდა მომხდარიყო. ამის მიუხედავად, GCCA-მ ხუთ კომპანიას შორის ფასზე შეთანხმების გონივრული ეჭვი ვერ დაინახა, ამიტომაც სააგენტოს მოკვლევა არ დაუწყია.
„როცა ვამბობთ, რომ ბაზარზე კონკურენცია არის ან არ არის, საბოლოოდ ეს ყველაფერი ფასებში გამოიხატება.
ჩვენს ქვეყანაში ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა არ არის და შესაბამისად, საწვავი საკმაოდ დიდ გზას გადის იქამდე, ვიდრე ის ბენზინგასამართ სადგურზე მოხვდება. მსხვილი კომპანიები ცდილობენ, რომ საწვავის გარკვეული მარაგი ჰქონდეთ, რაც შეიძლება 1-იდან 3 თვემდე მერყეობდეს. წინა წლის განმავლობაში, ჩვენი ფასწარმოქმნა საერთაშორისო მოვლენებთან ძირითად ნაწილში თანხვედრაში იყო. თუმცა, საყურადღებო იყო მაისი-ოქტომბრის პერიოდი, როცა საქართველოში მსხვილი კომპანიების დონეზე საწვავის ფასი, ფაქტობრივად, უცვლელი იყო. ამავდროულად, ლარი საკმაოდ სტაბილური იყო, ხოლო საერთაშორისო ბაზრებზე პლაცის ფასის კლება ფიქსირდებოდა და შესაბამისად, საწვავის თვითღირებულების შემცირება.
რა თქმა უნდა, აღნიშნულს მყისიერი გავლენა ვერ ექნებოდა საცალო ფასებზე, თუმცა ფასები მხოლოდ 23 ოქტომბრიდან შემცირდა, ჩვენი შეფასებით კი ეს უფრო ადრე უნდა მომხდარიყო. ეს ყველაფერი GCCA-ს მიერ დაგვიანებულ ასახვად შეფასდა, რაც ნიშნავს,რომ გარკვეული კითხვითი ნიშნები არსებობდა. თუმცა, არ არსებობდა გონივრული ეჭვი, რომ სააგენტოს ხუთი კომპანიის მიერ კონკურენციის კანონის შესაძლო დარღვევაზე მოკვლევა დაეწყო.
2023 წელს GCCA-მ საავტომობილო საწვავის ბაზარზე ხუთი მსხვილი კომპანია დააჯარიმა, მიზეზი სწორედ შეთანხმებული ფასები იყო. აღნიშნული საკითხის დღის წესრიგში დაყენებაც მონიტორინგის შედეგად მოხდა. ამ ეტაპზე მოკვლევის დაწყების გონივრული ეჭვები არ არსებობს, თუმცა შემდეგ თვეებზე დაკვირვება და ერთიანი სურათის შეფასება, საბოლოო პასუხის გაცემის შესაძლებლობას მოგვცემს. ბოლო პერიოდი რომ შევაფასოთ, საერთაშორისო ბაზარზე პლაცის ფასი, მეტ-ნაკლებად სტაბილურობით გამოირჩევა, თუმცა ადგილი ჰქონდა ეროვნული ვალუტის მცირე გაუფასურებას, რამაც 5-7 თეთრით გაზარდა საცალო ფასები ქვეყანაში“,- აღნიშნა გიორგი ქედელიძემ.