2023 წელი, 2024 წელთან შედარებით უკეთესი წელი იყო, – ამის შესახებ BM.GE-სთან საჩხერეში მდებარე საოჯახო ბიზნესი, მარანი „ჭურისთავის“ დამფუძნებელმა, მარიამ ხარშილაძემ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ გასულ წელს, 2023 წელთან შედარებით დატვირთვის 30%-იანი კლება ჰქონდათ.
აღსანიშნავია, რომ მარანი „ჭურისთავი“ იმერეთში, სოფელ გამოღმა არგვეთში მდებარეობს და 2017 წლიდან ოპერირებს. მარანში 4 სახის ღვინო იწარმოება. 2 კახური ჯიში, კერძოდ საფერავი და მწვანე. ასევე, 2 იმერული ჯიში, ძველსავსა და ცოლიკაური. მათი ღვინოები მხოლოდ ადგილზე, მარანში იყიდება. მარანი გარდა ღვინის წარმოებისა, აქტიურად მასპინძლობს სტუმრებს. მათი სერვისი ღვინის დეგუსტაციებსა და გასტრონომიულ მასტერკლასებს მოიცავს. ამასთან, მარანში ეთნო მუზეუმია მოწყობილი, სადაც სივრცე ორ საუკუნოვანი ნივთებითაა მოწყობილი.
„2023 წელს, 2024 წელთან შედარებით უკეთესი წელი იყო. დატვირთვა უკეთესი იყო. გასულ წელს, 30%-მდე კლება გვქონდა. მუშაობას, ძირითადად მარტიდან ვიწყებთ ხოლმე. ამ ეტაპზე, დაკეტილი ვართ და არც წინასწარი ჯავშნები არ გვაქვს. ვთანამშრომლობ გიდებთან და მათაც აქტიურად მოჰყვათ ხოლმე ტურისტები, ძირითადად ევროპული ქვეყნებიდან. კერძოდ გერმანია, დანია, საფრანგეთი.
ძველი მარანი მაქვს, ორ საუკუნოვანი. ვაწარმოებ ოთხი სახის ღვინოს. კახეთშიც მაქვს პატარა ვენახები. კახეთიდან იმერეთში მიმაქვს ყურძენი და იმერული ტექნოლოგიით ღვინოს ვაყენებ კახურ საფერავს და მწვანეს. ხოლო ადგილობრივს ვაწარმოებ ძველსავსა და ცოლიკაურს. წლიურად დაახლოებით 2000 ბოთლს ვაწარმოებ, ოთხივე სახეობას. ღვინის საწარმოებლად არ მაქვს საკმარისი ყურძენი, შესაბამისად ადგილობრივი ფერმერებისგან ვყიდულობ ყურძენს“, – ამბობს მარნის დამფუძნებელი.
მისივე ცნობით, მათ ღვინოებზე მოთხოვნა ძალიან დიდია, განსაკუთრებით იმერულ ჯიშებზე. ღვინოების საშუალო ღირებულება 20 ლარს შეადგენს.
