2024 წელს ბანკებმა ყველაზე მეტად დეველოპერული სექტორის დაკრედიტება გაზარდეს

2024 წელს ქართულმა კომერციულმა ბანკებმა ყველაზე მეტად – 54%-ით უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორის დაკრედიტება გაზარდეს. ბანკების მიერ სებ-ისთვის წარდგენილი ანგარიშის თანახმად, დეველოპერული სექტორის მთლიანი საკრედიტო პორტფელი 1.4 მილიარდი ლარით გაიზარდა და მან 4 მილიარდ ლარს მიაღწია.
მთლიანობაში გასულ წელს საბანკო კრედიტები 9.7 მილიარდი ლარით, ანუ 18%-ით, 63.4 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. მათ შორის კორპორაციული სექტორის დაკრედიტება გაიზარდა 24%-ით, ფიზიკური პირების დაკრედიტებამ 18%-ით იმატა, მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტება 13%-ით გაიზარდა, მიკრო მეწარმეების დაკრედიტების ზრდა კი 11% იყო.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ ბანკებისთვის დაკრედიტების მიმართულებით ყველაზე მიმზიდველია უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორი, რომელიც ბიზნეს სექტორში პორტფელის ზომით პირველ ადგილს იკავებს. მეორე პოზიციაზეა სერვისის სექტორი 3.6 მილიარდი ლარის პორტფელით, სადაც მატებამ 27% შეადგინა.
დაკრედიტების სტატისტიკა თანხვედრაშია საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურასთან, რომელიც უმეტესწილად სერვისსა და მოხმარებაზე არის ორიენტირებული ნაცვლად წარმოებისა. მძიმე მრეწველობის სასესხო პორტფელია 965 მილიონი ლარი, სხვა სახის წარმოების პორტფელია 932 მილიონი ლარი, ექსპორტიორების დაკრედიტებაა 664 მილიონი ლარი, ენერგეტიკის სექტორის დაკრედიტება კი 2.6 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც წლიურად 21%-ით არის გაზრდილი.
მნიშვნელოვანია გარემოება, რომ 2024 წელს ექსპორტიორი კომპანიების დაკრედიტება გაზრდის ნაცვლად, 7%-ით შემცირდა.