2024 წელს “ბაზალტ ფაიბერსი” წარმოებასა და გაყიდვებს გააორმაგებს – კომპანიის გეგმები

ქართული ტექნოლოგიით ბაზალტის ძაფისა და მისგან 12-მდე დასახელების სხვადასხვა პროდუქტის მწარმოებელი კომპანია „ბაზალტ ფაიბერსი“ 2024 წელს წარმადობასა და გაყიდვებს გააორმაგებს, – ამის შესახებ BMG-ის კომპანიის დირექტორმა, ივერი ქუცნაშვილმა განუცხადა.
“ახალი საინვესტიციო პროექტები გვაქვს, სულ მცირე ორი პროექტი უკვე მზადაა, თუმცა კონკრეტულად პროექტების დასახელებისგან თავს შევიკავებთ. თუმცა, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ გაზრდილი წარმადობა საგრძნობლად აისახება ექსპორტის მიმართულებაზე”, – ამბობს კომპანიის დირექტორი.
აღსანიშნავია, რომ ბაზალტის საწარმომ სიმძლავრეები 2023 წლის მეორე ნახევარში 50%-ით გაზარდა, რომლის ინვესტიციამაც 1.5 მილიონი ლარი შეადგინა.
“ჯერ ზუსტი შედეგები დათვლილი არ გვაქვს, თუმცა, ახალმა სიმძლავრეებმა ჩვენი კომპანიის ბრუნვა საგრძნობლად გაზარდა და მან დაახლოებით 7-8 მილიონ ლარიან ბრუნვას მიაღწია”, – აცხადებს ივერი ქუცნაშვილი.
რუსთავში 1998 წლიდან მოქმედი წარმოება დღეისთვის 12-მდე დასახელების პროდუქტს ბაზალტის უწყვეტი ბოჭკოს, ბაზალტის არმატურას და არმატურის ბადეს, გეოგრიდებს, დაჭრილ ბოჭკოს, საიზოლაციო ქეჩას და მატრასებს და ბაზალტის ლამინატებს აწარმოებს შედის… ყველა ეს პროდუქტი გარდა ქეჩისა, სხვადასხვა სახის არმირებისათვის ბეტონში, ასფალტში და კომპოზიტურ პროდუქტებში გამოიყენება. წლების გამოცდილებით და ეტაპობრივი ზრდა-განვითარების შემდეგ “ბაზალტ ფაიბერსის” ქართულ პროდუქტს ამ დროისთვის არამხოლოდ საქართველოში იყენებენ, არამედ წარმოების 80%-ი ექსპორტზე ევროპის ათობით ქვეყანაში გადის. 2006 წელს კომპანიამ ქარხანა გერმანიაშიც აამოქმედა და დღეს „ბაზალტ ფაიბერსის“ გერმანული და ქართული წარმოება გერმანულ ჰოლდინგში ერთიანდება.