2024 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკაში, რომელსაც BMG-მ მოუყარა თავი.
აშშ-მა ბიძინა ივანიშვილს უფლებების შეზღუდვისა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ძირის გამოთხრისთვის ფინანსური სანქციები დაუწესა
2024 წლის 27 დეკემბერს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილს პერსონალური ფინანსური სანქციები დაუწესა, რაც რუსეთის სანქციების პაკეტიდან განხორციელდა. სახელმწიფო დეპარტამენტი მიუთითებს, რომ ივანიშვილის ქმედებები, რაც საქართველოში ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვაში გამოიხატა, ასევე ივანიშვილის გადაწყვეტილებები საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზისთვის ძირის გამოთხრაში მდგომარეობდა, რუსეთისთვის სასარგებლო ქმედებებს წარმოადგენდა. აღნიშნულიდან გამომდინარე ივანიშვილს პერსონალური სანქციები დაუწესდა. სანქცირების გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ სანქცირება შეეხება ივანიშვილის მიერ სინგაპურში მოგებულ დავასაც, რომლის ფარგლებში მისაღები 461 მილიონი დოლარის კომპენსაციის განკარგვა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თუკი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი შესაბამის ლიცენზიას გასცემს.
2024 წლის განმავლობაში აშშ-მა გლობალური მაგნიტსკის აქტით დაასანქცირა შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ასევე ფინანსური სანქციები დაუწესდა გდდ დეპარტამენტის უფროსს ზვიად ხაზარიშვილს და მის მოადგილეს მილერი ლაგაზაურსა და მირზა კეზევაძესაც. აშშ-მა გასული წლის განმავლობაში ქართული ოცნების მაღალჩინოსნებს, მათი ოჯახის წევრებსა და ხელისუფლებასთან დაკავშირებულ პირებს სავიზო სანქციები დაუწესა.
2024 წელს აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების შეჩერებაც მოახდინა.
2024 წლის 11 თვეში საქართველოს ეკონომიკა 9.4%-ით გაიზარდა
საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის 11 თვეში საქართველოს ეკონომიკა 9.4%-ით გაიზარდა. ამასთან, ფინანსთა სამინისტრო მოელის რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 9% იქნება. აღნიშნული პროგნოზის გათვალისწინებით, წელს საქართველოს მშპ-ის ზომა 90.9 მილიარდ ლარს მიაღწევს, ხოლო 2025 წელს კი ის 99.2 მილიარდ ლარამდე გაიზრდება. ამასთან, 2025 წლისთვის მთავრობა ქვეყანაში 6%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, ანალოგიურია საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზიც, რომელიც საქართველოში 6%-იან ზრდას მოელის.
2024 წელს ლარი აშშ დოლართან მიმართებით 4.3%-ით გაუფასურდა
2024 წლის განმავლობაში ლარი აშშ დოლართან მიმართებით 4.3%-ით გაუფასურდა. თუკი 2024 წლის 1 იანვარს ერთი დოლარი 2.68 ლარი ღირდა, ამჟამად ის 2.80 ლარი ღირს. დოლარისგან განსხვავებით ლარი გამყარდა ევროსთან მიმართებით, რადგანაც პირველ იანვარს ერთი ევრო 2.97 ლარი ღირდა, ხოლო ამჟამად მისი ფასი 2.93 ლარია. ამის მიზეზი დოლართან მიმართებით თავად ევროს 6%-იანი გაუფასურებაა მიმდინარე წლის განმავლობაში.
2024 წლის განმავლობაში ლარს გაუფასურების ორი ტალღა ჰქონდა, ორივე პოლიტიკური მიზეზით იყო განპირობებული – პირველი გაზაფხულზე, რაც ქართული ოცნების პარლამენტის მიერ რუსული კანონის დაბრუნებას მოჰყვა. მაშინ ერთი დოლარის ღირებულება 2.87 ლარამდეც გაიზარდა, თუმცა შემდგომში ზაფხულის თვეებში მისი კურსი კვლავ 2.70-ის მიდამოს დაუბრუნდა. გაუფასურების მეორე ტალღა დაიწყო 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ, რაც ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის მიერ არჩეული პრემიერის ირაკლი კობახიძის განცხადებას მოჰყვა ევროკავშირთან 2028 წლამდე გაწევრიანების მოლაპარაკებების საქართველოს მხრიდან დღის წესრიგში არ დაყენების შესახებ.
2024 წელს საქართველოს სავალუტო რეზერვები $1 მილიარდით შემცირდა
2024 წლის განმავლობაში საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა $1 მილიარდი დოლარით, 4.1 მილიარდამდე შემცირდა. ამ კლების მთავარი მდგენელი ეროვნული ბანკის მიერ წინასაარჩევნოდ მსხვილი ინტერვენციების განხორციელება იყო, რამაც სექტემბერ-ოქტომბერში 700 მილიონი დოლარი შეადგინა. სულ 2024 წლის განმავლობაში სებ-მა პირდაპირი ინტერვენციებისა და Bmatch პლატფორმით განხორციელებული ოპერაციებით გაყიდა 917 მილიონი დოლარი და იყიდა 454 მილიონი დოლარი, რაც 463 მილიონი დოლარის წმინდა გაყიდვებს ნიშნავს.
ეროვნულმა ბანკმა 2024 წელს სავალუტო რეზერვებში ოქრო დაამატა
2024 წლის მარტ-აპრილში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 500 მილიონ დოლარად 7 ტონა მონეტარული ოქრო შეიძინა, რომელიც შემდგომში საქართველოში დასაწყობდა. გასული წლის განმავლობაში ოქროს ფასი მკვეთრად გაიზარდა, რისი გათვალისწინებით სავალუტო რეზერვებში არსებული ოქრო იმაზე 100 მილიონი დოლარით მეტი ღირს, ვიდრე შეძენის დროს ღირდა.
მონეტარული ოქროს გარდა, წელს სებ-მა ოქროს სერტიფიკატებითა და ოქროს ზოდებით ვაჭრობაც, სებ-მა ამ გზით ადგილობრივ ბაზარზე 45 მილიონ დოლარის ღირებულების ზოდები გაყიდა.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განსახორციელებლად მთავრობამ ჩინური კონსორციუმი CCCC შეარჩია
საქართველოს მთავრობამ 2024 წლის მაისში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორის შესარჩევ გამოცხადებულ საერთაშორისო კონკურსში უპირატეს მონაწილედ ჩინური სახელმწიფო კორპორაცია CCCC დაასახელა, რომელიც იყო ერთადერთი, რომელმაც სახელმწიფოს სრული საინვესტიციო წინადადება წარუდგინა, რადგანაც კონკურსის საბოლოო ეტაპზე მყოფმა MSC-ის შვილობილმა TiL-მა წინადადება არ წარადგინა. აღნიშნულიდან გამომდინარე უპირატეს პრეტედენტად სწორედ CCCC დასახელდა, რომელიც სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთის სასარგებლოდ ხელოვნური კუნძულების მშენებლობის გამო 2020 წლიდან აშშ-ის მიერ არის სანქცირებული და ამერიკულ კომპანიებს მასთან ფინანსური ოპერაციების განხორციელება ეკრძალებათ.
ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ კომპანიასთან ამჟამად საინვესტიციო წინადადების დაზუსტების სამუშაოები მიმდინარეობს, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება კომპანიასთან საინვესტიციო შეთანხმება გაფორმდეს. ამასთან, ლევან დავითაშვილის თქმით, ანაკლიაში პორტის ფსკერის დაღრმავების სამუშაოები, რომლისთვისაც მიმდინარე წლის აგვისტოში ბელგიური კომპანია Jan De Nul-ი დაიქირავეს პროგრესი სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს.