2024 წელს საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე 451 მლნ ლარი დაიხარჯება

2024 წელს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე 790 მილიონი ლარია გათვალისწინებული, საიდანაც 451 მილიონი ლარი საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციას მოხმარდება. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში მომავალი წლის ბიუჯეტის ხარჯებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, 2022 წელს დაფინანსება შეადგენდა 171 მილიონ ლარს, ხოლო მიმდინარე წელს უკვე გამოყოფილია 318 მილიონი ლარი, შესაბამისად, პროგრამის ბიუჯეტი გაიზარდა 86%-ით.
„გამოყოფილი თანხის ფარგლებში, 2023 წელს დაიწყო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს 400-ზე მეტი სკოლის მშენებლობა/რეაბილიტაციის პროცესი და მომდევნო წლებში დაგეგმილია, დამატებით 400 სკოლის მშენებლობა/რეაბილიტაციის დაწყება”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, 2024 წელს, სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტის დაფინანსება 133 მილიონი ლარით იზრდება.
გარდა ამისა საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის მომდევნო წელს გათვალისწინებულია 267 მილიონი ლარი.
2024 წელს, პროფესიული განათლების ინფრასტრუქტურაზე მიიმართება 57 მილიონი ლარი, ხოლო უმაღლესი განათლების ინფრასტრუქტურაზე ბიუჯეტიდან გამოიყოფა 15 მილიონი ლარი.