2024 წელს, საქართველოში მუზეუმებს, 2023 წელთან შედარებით, ნაკლები ვიზიტორი ესტუმრა – საქსტატი

2024 წელს, საქართველოში მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების დამთვალიერებელთა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 7.8%-ით შემცირდა, – ამის შესახებ ინფორმაცია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ მონაცემებშია მოცემული.
სტატისტიკის თანახმად, გასულ წელს, ქვეყანაში 261 მუზეუმი და მუზეუმ-ნაკრძალი ფუნქციონირებდა. მათ შორის 104 მემორიალური, 74 ისტორიული (მხარეთმცოდნეობის), 23 ხელოვნების, 13 მუზეუმ-ნაკრძალი, 2 ლიტერატურული და 45 სხვა ტიპის მუზეუმია.
მუზეუმების განაწილებითაც ტრადიციულად თბილისი ლიდერობს. დედაქალაქში მოქმედი მუზეუმები ქვეყნის მასშტაბით საერთო რაოდენობის 22.6%-ს შეადგენს. რეგიონებს შორის, მეორე ადგილზე იმერეთია 15.3%-ით, ხოლო მესამე – კახეთი, სადაც მუზეუმების წილი 14.2%-ს აღწევს.
კვლევის მიხედვით, 2024 წელს საშუალოდ ერთ მუზეუმზე 7.3 ათასი ვიზიტორი მოდიოდა.