2024 წელს რესტორან “დერგის” ფილიალები ევროპის ორ ქვეყანაში გაიხსნა – ეკა რუხაძე

“ჯეიქეი ვაინერი”, რომელიც საქართველოში რესტორნების ქსელ “დერგსა” და ქვევრის ღვინის საწარმოო ხაზს აერთიანებს, ქვეყნის ფარგლებს გარეთ გავიდა და ტრადიციული ქართული სამზარეულო ევროპის ქვეყნებში ჩაიტანა – ამის შესახებ “დერგის” თანადამფუძნებელი, ეკა რუხაძე “ქალების ნარატივის” ეთერში საუბრობს.
როგორც ის აღნიშნავს, 2024 წლის მეორე ნახევარში “დერგის” ორი ფილიალი ევროპის ორ ქვეყანაში გაიხსნა.
“თუ 2023 წლის სექტემბერში არსებობდა მხოლოდ ერთი “დერგი” და ერთი ღვინის კომპანია, 2024 წლის სექტემბერში უკვე – ოთხი “დერგი” და ღვინის ორი ხაზი. ჩვენთვის ძალიან დიდი წარმატებაა, რომ გავედით საერთაშორისო ბაზრებზე და ვიყავით პირველი ქართული, ტრადიციული კერძებით დატვირთული სამზარეულო, რომელმაც ევროპის ბაზარზე სარესტორნო ქსელი შექმნა.
დღეს “დერგის” ორი რესტორანი გერმანიაში, ჰანოვერში და პრაღის დედაქალაქ ჩეხეთის ცენტრალურ ნაწილში ოპერირებს”, – ამბობს ეკა რუხაძე.
როგორც “დერგის” დამფუძნებელი აღნიშნავს, ქართული რესტორნის ევროპულ ბაზარზე გატანის ინიციატივა უცხოელი პარტნიორების მხრიდან წამოვიდა. რუხაძის თქმით, ინტერესი კვლავ არსებობს როგორც ევროპის, ასევე აზიის ქვეყნებიდან.
“ინტერესი თავდაპირველად გერმანიიდან წამოვიდა. რადგან იქ ოპერირებისთვის პარტნიორი გვჭირდება, დაგვიკავშირდნენ და შემოგვთავაზეს ჩვენთვის შესაფერისი პირობები, ჩვენც დავინტერესდით და დავთანხმდით. რა თქმა უნდა, ევროპის ქვეყნები ძალიან კარგი ბაზარია ჩვენთვის. რესტორნებში ძირითადად ადგილობრივი მომხმარებლები დადიან. ჩვენც ჩართულები ვართ, რომ უფრო მეტი ვასწავლოთ ქართულ სამზარეულოზე, ისტორიასა და ტრადიციებზე. ამიტომ, სტუმრისთვის ეს არა მხოლოდ ერთ საღამოა რესტორანში, არამედ ახალი გამოცდილება.
გერმანიაში პატარა, 70 სტუმარზე გათვლილი ფილიალი გვაქვს, პრაღის რესტორანი კი საკმაოდ დიდია და 300-ზე მეტ სტუმარს იტევს. რა თქმა უნდა, ღვინოც “ჯეიქეი ვაინერის” წარმოებაა. უკვე შემოთავაზებებიც გვაქვს ახალი ქვეყნებიდან, როგორც ევროპიდან, ისე აზიიდან, მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ვნახოთ, რა იქნება”, – აღნიშნავს ეკა რუხაძე.
“დერგის” დამფუძნებელი BMG-ის ეთერში განმარტავს, რომ რესტორნის ევროპული ფილიალები ადგილობრივ პერსონალს ასაქმებს, საქართველოდან გუნდს კი ადგილზე მზა კონცეფცია და მენიუ ჩააქვს, რომელსაც რესტორნის ქართველი შეფმზარეული აწყობს.
საქართველოში “დერგის” ისტორია კახეთში, სოფელ ნუკრიანში დაიწყო. რესტორანი 2021 წელს გაიხსნა. 3000 კვ.მ. ფართობის სივრცე რესტორანთან ერთად დარბაზებს, მარანს, თონესა და სხვა სივრცეებს აერთიანებს. რესტორანში ტრადიციული, კახური კერძებია წარმოდგენილი.